ბოჭორმის უძველესი ციხე კახეთში, მდინარე იორის ხეობაში, უჯარმა–თიანეთის გზასთან ახლოს, 1300 მეტრის სიმაღლეზე მთის მწვერვალზე მდებარეობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება ციხე-სიმაგრე.
X საუკუნეში ბოჭორმის ციხე კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო. ახლა ამ ისტორიული ნაგებობისგან ნანგრევები დარჩა, თუმცა თავის დროზე ეს ციხე-სიმაგრე საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. ერეკლე მეორის მეფობის დროს ნაგებობა აღადგინეს, რომელიც რეგიონის მისადგომებს მტრისგან XVIII საუკუნის ბოლომდე იცავდა.
ბოჭორმის ციხე ორი ნაწილისგან – გარე და შიდა ციხისგან შედგებოდა. შიდა ნაწილში შენარჩუნებულია წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესია, სადაც კედლებზე კიდევ შემორჩა XII და XVIII საუკუნეების ფრესკები. აქ ასევე იხილავთ სხვა ნაგებობების ნანგრევებს. გარე ნაწილისგან ახლა მხოლოდ დანგრეული კედლები და კოშკები დარჩა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
თუ ციხე-სიმაგრისკენ ავტომობილით მიემგზავრებით, მოგიწევთ ის მთის ძირში დატოვოთ. მის მწვერვალზე მოსახვედრად შეგიძლიათ ორი სხვადასხვა ბილიკით ისარგებლოთ.