საქართველოში აზიური ფაროსანას დათვლას იწყებენ

გამოწერა
20 მარტიდან სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთებს შეამოწმებენ.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს, იუწყება სააგენტო თავის Facebook-გვერდზე.

სპეციალისტები იწყებენ გასვლით შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში. 20 მარტიდან ფიტოსანიტრები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები შეამოწმებენ საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ბაღებსა და ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ სახლებს. აპრილიდან დააყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს, რომელთა საშუალებითაც დადგინდება მავნებლების რაოდენობა და მათი გავრცელების არეალი.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა: საქართველოში შედეგები შეაჯამეს>>

სწორედ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გახდება ცნობილი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების დაწყების თარიღი და ადგილები.

„მავნებელთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ყველა რგოლის – მოსახლეობის, ფერმერების, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის პოპულაციის შემცირებას და თავიდან აგვაცილებს ეკონომიკურ ზარალს", – განაცხადა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
დავითაშვილი: საქართველო 2-3 წელში აზიურ ფაროსანას დაამარცხებს

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოში აზიური ფაროსანას დამარცხება ორ-სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი. აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

2019 წელს დაგეგმილია მავნებელთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა შედეგიც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება შეიძინა, და სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება.

2018 წელს მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 49 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.

ყველა ახალი ამბავი
0