საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიგო

© photo: Georgian Rugby / FBსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამარცხებს გერმანიის ნაკრებს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამარცხებს გერმანიის ნაკრებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მორაგბეებს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრა აქვთ დარჩენილი, თუმცა ეს თამაში არაფერს წყვეტს

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ქუთაისში ევროპის ერთა თასის მატჩში გერმანიის ნაკრები 52:3 ანგარიშით გაანადგურა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამარჯვებული გახდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქის ნახევარზე ბურთი სამჯერ დაამიწეს. ლელოს ავტორები მირიან მოდებაძე, ლაშა ხმალაძე და სალვა მამუკაშვილი გახდნენ. სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა გელა აფრასიძემ.

გერმანიის ნაკრების მორაგბეებმა უპასუხეს ერთი საჯარიმო დარტყმით, რომელიც მატჩის დროს სტუმრების ერთადერთი შედეგიანი ქმედება გახდა. შესვენებაზე გუნდები მასპინძლების სასარგებლოდ 21:3 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. პირიქით, მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და გერმანელები ამ ტემპს ვერ აჰყვნენ. შედეგად ქართველებმა კიდევ ხუთი წარმატებული ლელო დადეს, საიდანაც ორი მოდებაძის ანგარიშზეა. თითო-თითოჯერ თავი გამოიჩინეს ლაშა მალაღურაძემ, ვასილ ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ.

ქართველებისთვის სამწუხაროდ, 100%-იანი გარდასახვა არ გამოვიდა - ხუთი ლელოდან წარმატებული მხოლოდ სამი აღმოჩნდა. ორივეჯერ ზუსტად დაარტყა აფრასიძემ, ერთხელ - სოსო მათიაშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს მირიან მოდებაძე, რომელმაც ჰეტ-ტრიკი გააფორმა.

ამ გამარჯვებამ საქართველოს ნაკრებს მოუტანა სატურნირო ცხრილში 18 ქულა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ევროპის ერთა თასში მე-11 გამარჯვება. მეორე ადგილზე მყოფმა რუსეთმა რუმინეთთან მატჩი წააგო (20:22) და ის ქართველ მორაგბეებს ვეღარ დაეწევა.

ევროპის ერთა თასის წლევანდელი გათამაშების დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 17 მარტს კრასნოდარში გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0