თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის რანგში პირველი გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა რეგიონების განვითარების მნიშვნელობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.
რაზე დახარჯავს ხელისუფლება რეგიონებში 20 მლნ ლარს?>>>
ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტია. იგი პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას 2018 წლის დეკემბერში შეუდგა.
„რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია. მიმაჩნია, რომ რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტები უნდა იყოს უცხოეთში ვიზიტებზე არანაკლებად ხშირი და შედეგიანი. თელავში ფიცის დადება ამ პრიორიტეტის ხაზგასმა იყო. ჩავედი ზუგდიდში, ქუთაისში, დაგეგმილი მაქვს ჩასვლა ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და გურიაში", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ძირითად პრობლემებს შორის, რომლებიც განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში, მან უმუშევრობა და მწვავე სოციალური პრობლემები დაასახელა.
ამასთანავე პრეზიდენტმა რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მეღვინეობის განსაკუთრებულ და მზარდ პოტენციალთან ერთად სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიც ვითარდება. მცირე და საშუალო მეწარმეები კი წარმატების მაგალითს იძლევიან. ისინი სახელმწიფო პროგრამების, სხვადასხვა დაფინანსების წყაროების გამოყენებით ახერხებენ ქართული ბაზრის დაუფლებას და ზოგჯერ უცხოურ, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომ ბაზრებში შეღწევას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ამ მიმართულებით საქართველოს პერსპექტივები აქვს.
„უცხოეთთან გახსნილი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და სატრანსპორტო ქსელის განვითარება დიდ შესაძლებლობებს გააჩენს, თუ ქართული პროდუქციის ხარისხისა და რეკლამირების დონე აიწევს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქალი-ფერმერების საქმიანობა, რომლებმაც უკვე დაიკავეს საკუთარი ადგილი ქართულ ეკონომიკაში და რომლებსაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა, რეგიონებში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ასევე ხაზი გაუსვა ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების – სამედიცინო, ბალნეოლოგიური, სამთო, რელიგიური და არქეოლოგიური ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს პოტენციალის გამოყენების საკითხს.
რეგიონების განვითარება და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.