რატომ არ ჩამოდის მოსკოვის ცირკის ქართველი რეჟისორი საქართველოში

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaგია ერაძე
გია ერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი, რუსეთის სახელმწიფო ცირკის ახალი მთავარი რეჟისორი გია ერაძე ისე ოცნებობდა ცირკის მსახიობობაზე, რომ სახლიდანაც კი გაქცეულა.

ალექსეი სტეფანოვი

რუსეთის სახელმწიფო ცირკის ახალ მთავარ რეჟისორ გია ერაძესთან შესახვედრად, როგორც მიღებულია, უსახური შესასვლელისკენ გავემართე. თუმცა დარაჯმა, როდესაც ვიზიტის მიზანი შეიტყო, გვერდითა კარისკენ მიმითითა. კარი უნდობლად შევაღე და გაოცებისგან შევყვირე – ნათელი კედლები კლოუნების პორტრეტებით, აკრობატებისა და მომთვინიერებლების წარმოდგენების ამსახველი სურათებით, სხვადასხვა დროის აფიშებით იყო მოფენილი. როგორც აღმოჩნდა, პირველი, რაც ახალმა მთავარმა რეჟისორმა მოიმოქმედა, იყო კაბინეტის გადატანა მოსაწყენი ოფისიდან ცირკის კუთვნილ ამ სახელოვნებო კლუბში.

© photo: Sputnik / Aleksey Stefanovგია ერაძის კაბინეტი
რატომ არ ჩამოდის მოსკოვის ცირკის ქართველი რეჟისორი საქართველოში - Sputnik საქართველო
გია ერაძის კაბინეტი

„აქ მხოლოდ შემოქმედებითი ატმოსფერო უნდა სუფევდეს, შეიკრიბებიან დამდგმელი რეჟისორები, ბალეტმაისტერები, მსახიობები, იმუშავებენ საზღვარგარეთის საქმეთა და საფესტივალო განყოფილებები, შეიქმნება აფიშები და დაიწერება გეგმები. ამ სივრცეში თავს მოიყრის ყველაფერი, რაც უკავშირდება საცირკო ხელოვნებასა და წარმოდგენებს. ცირკის გენერალურ დირექტორს ვთხოვე, ეს შენობა-ნაგებობები შემოქმედებითი სახელოსნოსთვის დაეთმო. მას ეს აზრი მოეწონა და სიამოვნებით დამთანხმდა“, – აღნიშნა გია ერაძემ, როგორც კი შენობის მეორე იარუსზე განლაგებულ მის იმპროვიზებულ კაბინეტში შევხვდით.

© photo: Sputnik / Aleksey Stefanovგია ერაძის კაბინეტში
რატომ არ ჩამოდის მოსკოვის ცირკის ქართველი რეჟისორი საქართველოში - Sputnik საქართველო
გია ერაძის კაბინეტში

მზად ვიყავი, თავლაც კი დამესუფთავებინა, ოღონდ ცირკში ვყოფილიყავი

გია ერაძე თბილისში დაიბადა. მისი მშობლები ხელოვანთა წრეს არ განეკუთვნებოდნენ – მამა ცენტრალური ბაზრის დირექტორი იყო, დედა პოლიტიკურ ეკონომიკას ასწავლიდა. თუმცა სწორედ დედისა და ბებიის დამსახურებაა გიას სიყვარული ცირკისადმი.

„მახსოვს, დედასა და ბებიას როგორ დავყავდი ცირკში. შეპყრობილი ვიყავი საცირკო წარმოდგენებით, ყველაფერი მომწონდა – ცხოველები, აკრობატების გამოსვლა... ცირკი მიზიდავდა თავისი მაგიური ძალით. ასე გამიჩნდა ოცნება – გავმხდარიყავი ცირკის მსახიობი. ღმერთის მწამს და მიმაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ბედისწერა აქვს. მე ცირკის მსახიობობა დამებედა. 11 წლისა ვიყავი, როდესაც თბილისის იპოდრომზე საქართველოს სახალხო არტისტს ნანუ მელქაძეს შევხვდი. იგი ეძებდა მსახიობებს საცხენოსნო ატრაქციონისთვის – „საქართველოს მოჯირითეები“ და ცირკში მიმიწვია. მაგრამ წარმოდგენისთვის ასაკით შეუფერებელი აღმოვჩნდი. ამიტომ ქალბატონ ნანუს ვთხოვე, ცირკში სიარულისა და თავლის დალაგების უფლება მოეცა. ასე მოვხვდი საქართველოს ეროვნულ დასში. დაუჯერებლად დიდი დრო გავიდა მას შემდეგ – 30 წელი“, – იხსენებს გია ერაძე.

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaგია ერაძესთან
რატომ არ ჩამოდის მოსკოვის ცირკის ქართველი რეჟისორი საქართველოში - Sputnik საქართველო
გია ერაძესთან

ამ დასში საქართველოს და რუსეთის დამსახურებული არტისტი საკავშირო სახელმწიფო ცირკის დაშლამდე მუშაობდა. შემდეგ იყო გასტროლები რუსეთში, სადაც დარჩა კიდეც. წლების განმავლობაში იგი იყო მსახიობი, მომთვინიერებელი, დასის დირექტორი, რუსეთის სახელმწიფო ცირკის დირექტორის მოადგილე, დღეს კი მთავარი რეჟისორია.

ოცნების კვალდაკვალ

გია ერაძემ ყველაფერს დიდი შრომის ფასად მიაღწია – მას ზურგს არ უმაგრებდა საცირკო დინასტია, მეტიც, მშობლები მოზარდის არჩევანით უკმაყოფილებას არ მალავდნენ და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა გიასთვის მსახიობობა გადაეფიქრებინებინათ.

„მშობლები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ ჩემ გადაწყვეტილებას – გამოვსულიყავი ცირკის მსახიობი. სახლიდანაც კი გავქცეულვარ, მაგრამ ყოველთვის უკან მაბრუნებდნენ. თუმცა ვერაფერმა შეცვალა ჩემი დაუოკებელი სურვილი, გავმხდარიყავი ცირკის მსახიობი. დღეს ისინი, რასაკვირველია, ჩემით და საცირკო ხელოვნებაში ჩემი მიღწევებით ამაყობენ. წლების შემდეგ მშობლები ყველაფერს მიხვდნენ“, – ამბობს გია ერაძე და იხსენებს სახლიდან გაქცევის ბავშვობისდროინდელ ისტორიას.

© photo: Sputnik / Vladimir Pesnyaგია ერაძე
რატომ არ ჩამოდის მოსკოვის ცირკის ქართველი რეჟისორი საქართველოში - Sputnik საქართველო
გია ერაძე

ცირკის მომავალი მსახიობი მაშინ 15 წლის იყო. საქართველოს ეროვნული დასი გასტროლებით ერევანში მიემგზავრებოდა. ამისათვის კი საკმარისი იყო ავტობუსში ჩაჯდომა.

„მშობლების ყურადღება რომ არ მიმექცია, ჩემოდნებიც კი არ ჩამილაგებია, უბრალოდ ყველაფერი ტანზე ჩავიცვი, კომბოსტოსავით შევიფუთე და ცირკში მივედი. შემდეგ დასის წევრებთან ერთად ავტობუსში ჩავჯექი და სომხეთისკენ გავემგზავრე. ერევანში ჩასვლისთანავე შევუდექი ნომრის რეპეტიციას ფრინველების მონაწილეობით. მაშინ ამ წარმოდგენით გამოვდიოდი თბილისის ცირკში. საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ მეორე დღეს ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ და წამიყვანეს. მამა ავტორიტეტით სარგებლობდა და ჩემი ასავალ-დასავალის დადგენა არ გასჭირვებია“, – იხსენებს გია ერაძე.

© photo: Sputnik / Aleksey Stefanovგია ერაძე
რატომ არ ჩამოდის მოსკოვის ცირკის ქართველი რეჟისორი საქართველოში - Sputnik საქართველო
გია ერაძე

რუსული ცირკის აღორძინება

საქართველოში გია ერაძე მრავალი წელია, აღარ ჩასულა. დიდი ხნის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ნათესავები მას მოსკოვში სტუმრობენ.

„ზოგჯერ ვფიქრობ: ღმერთო, განა რა მიშლის ხელს, ჩავჯდე თვითმფრინავში და რამდენიმე საათში თბილისში ჩავფრინდე? ვიწყებ გეგმების დაწყობას, მაგრამ ყოველთვის რაღაც საქმე ჩამითრევს და გამგზავრება გადაიდება ხოლმე. როგორც წესი, დედა ჩამოდის ჩემთან. მამაჩემი და ჩემი ძმაც მეწვევიან ხოლმე. სხვა ნათესავებიც მსტუმრობენ საქართველოდან. დიახ, ეს ყველაფერი ცოტა რთულად მოსაგვარებელია – საჭიროა მოსაწვევების გაგზავნა, ვიზების გაფორმება. მაგრამ ჩემთვის გაცილებით იოლია, აქ ვუმასპინძლო ახლობლებს, ვიდრე საქმეებს მოვწყდე და თბილისში გავემგზავრო. ცირკში მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად არაერთი საცირკო პროექტი შევქმენი. მაქვს საპროდიუსერო ცენტრი ოთხი დიდი საცირკო შოუთი, რომელთა ავტორი და პროდიუსერი თავად ვარ. რუსეთის სახელმწიფო საცირკო კომპანიაში ეს ყველაზე მსხვილი დასებია. დრო კატასტროფულად ცოტა მაქვს და არ მყოფნის“, – აღნიშნავს არტისტი.

© photo: Sputnik / Aleksey Stefanovგია ერაძის კაბინეტში
რატომ არ ჩამოდის მოსკოვის ცირკის ქართველი რეჟისორი საქართველოში - Sputnik საქართველო
გია ერაძის კაბინეტში

გია ერაძე გამოგვიტყდა, რომ ძალიან უყვარს საქართველო, სადაც მისი აღმზრდელი ბებია და ბაბუა არიან დაკრძალული. იგი კარგად იცნობს და აფასებს თავისი მშობლიური ქვეყნის სტუმართმოყვარეობას.

„რასაკვირველია, იქაურობა მენატრება, ზოგჯერ ისეთი ნოსტალგია შემომაწვება ხოლმე... მაგრამ ცხოვრება სხვაგვარადაა მოწყობილი, თავის წესებს გკარნახობს“, – ამბობს რეჟისორი.

ახლაც, რამდენიმე შოუს გარდა, რომელთაც არტისტი უძღვება, იგი მთელი არსებითაა ჩაფლული სახელმწიფო ცირკის მთავარი რეჟისორის საქმიანობაში.

„გრანდიოზული გეგმები მაქვს – საჭიროა რუსეთის საცირკო ხელოვნების განვითარება, მისი გატანა მსოფლიო ასპარეზზე, ზრუნვა ახალი ნომრების, ატრაქციონების, დასების შექმნაზე, რათა სიცოცხლე დუღდეს, ადამიანებმა ფესტივალებზე იარონ, ჩვენც მიგვიწვიონ და ჩვენთანაც მოვიწვიოთ უცხოელი შემსრულებლები, ჩავატაროთ ფესტივალები. წელს საბჭოთა ცირკს 100 წელი უსრულდება. უკვე დაწყებული გვაქვს საცირკო ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადება, რომელიც ეძღვნება ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და რუსეთის პირველი სტაციონარული ცირკის – ჩენიზელის 140-ე სეზონს. ფესტივალი 24-27 მაისს ჩატარდება“, – გვიზიარებს გეგმებს დამსახურებული არტისტი გია ერაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0