თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თბილისში საერთაშორისო ექსპერტები ერთმანეთს კალიებთან ბრძოლის გამოცდილებას უზიარებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტები (აშშ, კანადა, მაროკო, ავსტრალია, ჰოლანდია, მავრიტანია) საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპეციალისტებს კალიებთან ბრძოლის თანამედროვე ქიმიურ მეთოდებს აცნობენ.
მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. FAO საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის კალიების გასანადგურებლად საჭირო პესტიციდებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შემასხურებლებს.
გარდა ამისა, რეგიონული პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და ინერგება გლობალური საინფორმაციო სისტემა, რომლის დახმარებით სპეციალისტები ამა თუ იმ ქვეყანაში მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციისთვის თვალის უკეთ დევნებას შეძლებენ.
2018 წელს საქართველო შეუერთდა პროექტს „ტრანსსასაზღვრო მავნებლებთან – კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში“, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს კვალიფიკაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს 7 სპეციალისტი აიმაღლებს. შემდეგ ისინი გადაამზადებენ აღნიშნულ დარგში დასაქმებულ სააგენტოს ინსპექტორებსა და სხვა სპეციალისტებს.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ერთ დღეში მავნებელს 100 კმ-მდე მანძილის გადაფრენა შეუძლია. მასობრივი გამრავლების დროს კალია აზიანებს მარცვლეულს, პარკოსნებს, მზესუმზირას, თამბაქოს, ვენახებს, ბოსტნეულს, ხეხილს, ბამბას, ბუნებრივ საძოვრებსა და სხვა მცენარეებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში პერიოდულად წამლავენ ე.წ. იტალიურ კალიას, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.