საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე: ვინ არის ოთო ნემსაძე

© photo: Georgian Idol / FBოთო ნემსაძე
ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელში „ევროვიზია 2019"-ზე საქართველოს 29 წლის მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენს.

მან ტელემაყურებელი თავისი ენერგიით, ძლიერი ვოკალითა და, რაც მთავარია, საინტერესო მუსიკალური კომპოზიციებით მოხიბლა.

ნემსაძეს საქართველოში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთშიც კი არაერთხელ მოუპოვებია მუსიკალურ ასპარეზზე გამარჯვება და აღიარება. რატომ მაინცდამაინც ოთო და რა არის მისი ქარიზმა – ამის შესახებ ახლა გიამბობთ.

ოთო – გამარჯვებული

ოთომ ქართულ ეროვნულ მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავში" გაიმარჯვა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ჩატარდა. შემსრულებელმა დანარჩენი კონკურსანტები საგრძნობი სხვაობით დაამარცხა. ოთოს მხარი ტელემაყურებელთა 44,13%-მა დაუჭირა. მის კონკურენტებს შორის კი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ლიზა კალანდაძე – 35,51%, გიორგი ნაკაშიძე – 11,06%, გიორგი ფრუიძე – 9,3%.

თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსს წარადგენს>>>

ლიზა კალანდაძე პროექტის აუდიტორიის ფავორიტი იყო და მთელი შოუს განმავლობაში, ორიგინალობასა და თავისებურ ქალურ ენერგიას ასხივებდა. გიორგი ფრუიძე, რომელიც თავად ქმნის მუსიკას, გამოირჩეოდა ვირტუოზული შესრულებით, ხმითა და დახვეწილი გემოვნებით. გიორგი ნაკაშიძე – პროექტ Х-Factor-ის გამარჯვებული ძლიერი ვოკალითა და ბრუტალური გარეგნობით იქცევდა ყურადღებას.

მაგრამ მაყურებელმა საბოლოოდ მაინც ოთო ნემსაძეს დაუჯერა, შესაძლოა იმიტომ, რომ ამ ერთ პიროვნებაში თავმოყრილია გამარჯვების სამივე პრეტენდენტის თვისებები – ფრუიძის ვირტუოზულობა, ლიზას ორიგინალობა და ნაკაშიძის ოდნავ ხრინწიანი და ძლიერი ხმა. ოთო ნემსაძე ყველაზე მეტად გამოირჩეოდა თავდაჯერებით, საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობებისა და იმის რწმენით, რომ იმსახურებს გამარჯვებას, რომლისთვისაც ბოლომდე იბრძოლებს.

© FB/ Otar Nemsadzeოთო ნემსაძე
საქართველო „ევროვიზია 2019-ზე: ვინ არის ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
ოთო ნემსაძე

საინტერესოა, რომ ფინალს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: როდესაც გამარჯვების შემდეგ ოთო თაყვანისმცემლებთან ერთად ფოტოებს იღებდა, სცენიდან ჩამოვარდა და ფეხი დაიზიანა. „სასწრაფო დახმარება" მალევე მოვიდა და მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანა. საბედნიეროდ, ოთოს მხოლოდ დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. მალე იგი ახალი ძალით შეეჭიდება კიდევ ერთ გამოწვევას მუსიკალურ კარიერაში.

როგორ შექმნა ოთომ საკუთარი თავი

არსებობს ასეთი მოდური გამოთქმა Self Made Man – ადამიანი, რომელმაც თავად შექმნა საკუთარი თავი. ეს გამოთქმა სწორედ ოთო ნემსაძეზეა.

ოთარი (მომღერლის სრული სახელი) წარმოშობით გორიდანაა. დამთავრებული აქვს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი. თუმცა, ბიზნეს-საქმიანობას არ გაჰყოლია და უპირატესობა მიანიჭა მუსიკას, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული.

ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.

მაშინ ოთო მუსიკოსისა და შემსრულებლის სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდში მოხვდა და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. თუმცა, ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც მარცხი გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდა, ვინაიდან პროექტში მონაწილეობამ მას მოუტანა პოპულარობა და მსმენელის სიყვარული, არაერთი მიწვევა კონცერტებზე. იმავე წელს ნემსაძემ გამოუშვა სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა".

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოთომ კვლავ განაგრძო ქვეყნის „დაპყრობა" და 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში - „ერთი ერთში" (2015). იგი ქმნიდა და ასრულებდა მუსიკას ჯაზის, ბლუზის, როკისა და პოპის სტილში, აქტიურად მართავდა კონცერტებს თბილისსა და კიევში.

ბედის ირონია

ოთო ნემსაძის გულმოდგინებამ და საკუთარი თავის რწმენამ შედეგი გამოიღო და 2016 წელს ახალგაზრდა ქართველმა შემსრულებელმა თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ მიწვეული იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შოუში – Britain's Got Talent (ბრიტანული „ნიჭიერი").

ბრიტანელები ქართველ მომღერალს წერდნენ: „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მოწვეული ბრძანდებით პროექტ Britain's Got Talent-ის სინჯებზე და მოუთმენლად ველით თქვენ გამოსვლას. ვინ იცის, იქნებ ეს თქვენი წელი გახდეს. გისურვებთ წარმატებას! შეხვედრამდე".

მაგრამ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა არ შედგა – ოთოს ბრიტანეთის საელჩოში ვიზა არ მისცეს. რა თქმა უნდა, ძალიან დასწყდა გული, მაგრამ არ გატყდა და ფარ-ხმალი არ დაყარა. ოთო მაშინ წერდა: „ამბობენ, დაცემას აღმასვლა მოსდევსო, არ მჯერა. შენ თავად ქმნი ყველაფერს და არ უნდა უცადო, როდის დასრულდება ვარდნა. ამჯერად უბრალოდ ვიზა არ მომცეს. მაგრამ რამე სხვას გავაკეთებ, თანაც - უკეთესად".

ოთო - მებრძოლი

და ნემსაძემ სიტყვა შეასრულა: მან აქტიური ბრძოლა დაიწყო, რათა მოეპოვებინა უფლება საერთაშორისო არენაზე – „ევროვიზიაზე" საქართველოს წარმოსაჩენად. 2017 წელს მან თავის ბენდ „ლიმბოსთან" ერთად მონაწილეობა მიიღო ეროვნულ შესარჩევ ტურში კომპოზიციით Dear God ("ძვირფასო ღმერთო"), მაგრამ მაშინ საქართველომ არჩევანი შეაჩერა თამარ გაჩეჩილაძეზე, რომელიც, სამწუხაროდ, „ევროვიზიის" ფინალშიც ვერ მოხვდა.

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა „ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენელი ეროვნული კასტინგის გამოცხადების გარეშე დაასახელა. თუმცა, ვერც ეთნოჯგუფი „ირიაო" მოხვდა კონკურსის ფინალში.

ახლა ოთო ნემსაძის ჯერია. წელს ისრაელში ქართველი მომღერალი შეასრულებს კომპოზიტორ რომან გიორგაძის ქართულ კომპოზიციას „სულ წინ იარე". სიმღერა ეძღვნება ქართული სულის სიძლიერეს, იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წინსვლას, საქმის გულით კეთებას, მუდმივ ძიებასა და პოვნას. ნიშანდობლივია, რომ ბექვოკალი ხუთი მომღერლისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი მიშო ჯავახიშვილი „ირიაოს" სოლისტია.

ვნახოთ, წლევანდელ „ევროვიზიაზე" რომელ ადგილს მოუტანს საქართველოს ეს სიმღერა და ქვეყნის რჩეული ოთარ ნემსაძე. ჩვენ ნიჭიერი და ძლიერი ვოკალისტი და ღირსეული სიმღერა შევარჩიეთ. დანარჩენი დამოკიდებულია შემთხვევასა და, რასაკვირველია, ნემსაძის ქარიზმაზე, რომელიც მომღერლის ულევ ენერგიაში, რწმენასა და მუსიკის სიყვარულში გამოიხატება.

შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია 2019" გაიმართება ისრაელის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში თელ-ავივში. ისრაელს გამარჯვება შარშან ლისაბონში (პორტუგალია) ჩატარებულ კონკურსზე ნეტა ბარზილაიმ და მის მიერ შესრულებულმა სიმღერა „სათამაშომ" (Toy) მოუტანა. ისრაელი „ევროვიზიას" მასპინძლობდა ასევე 1979 და 1999 წლებში. პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს. საქართველოს წარმომადგენელი 14 მაისს, პირველი ნახევარფინალის მეორე ნაწილში იმღერებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0