„ჩემ გარშემო სხვა არაფერია, მხოლოდ მე და მუსიკა ვართ“ – საგაზაფხულო მელოდია ვიოლინოსთვის

© photo: courtesy of Mariam Mamadashviliმარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ მამადაშვილი – ნიჭიერი მუსიკოსი, მევიოლინე, რომელიც არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია, ბოლოს გერმანიაში და იტალიაში მიიწვიეს ახალგაზრდულ ორკესტრში, სადაც კონკურსის შედეგად შეარჩიეს.

წარმოშობით თელავიდანაა. უცხოეთში სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს, გამოდის კონცერტებით. იმდენად დაკავებულია და დაძაბულ რეჟიმში უწევს ცხოვრება, რომ გადავწყვიტეთ ცხოვრებასა და იმ შეგრძნებებზე ვესაუბროთ, რაზეც სასაუბროდ იშვიათად იცლის, თანაც, გაზაფხულია და...

© photo: courtesy of Mariam Mamadashviliმოგზაურობის დროს
„ჩემ გარშემო სხვა არაფერია, მხოლოდ მე და მუსიკა ვართ“ – საგაზაფხულო მელოდია ვიოლინოსთვის - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს

– მარიამ, დღეს გაზაფხულია, ცვლილებების დროა. გაიხსენეთ ამბავი, რომელმაც გარკვეულად შეცვალა თქვენი დამოკიდებულება ადამიანების ან ცხოვრების მიმართ...

– მარტო გაზაფხულზე არა, წელიწადის ყველა დროსაა სასიკეთო ცვლილება საჭირო. რაც შეეხება ამბავს, ცოტა მიჭირს იმაზე საუბარი, თუ რამ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ადამიანების ან ცხოვრების მიმართ. თუმცა ერთი ამბავი ემოციურად მახსოვს. როცა კონსერვატორიაში ვსწავლობდი, სასწრაფოდ საოპერაციო ვიყავი, ოპერაცია საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. დედამ ყველაფერი გააკეთა დაფინანსების მისაღებად, თუმცა საკმარისი თანხა მაინც ვერ ვიშოვეთ. მაშინ მთელი კონსერვატორია გვერდში დამიდგა, ვის რისი საშუალებაც ჰქონდა, იმით მეხმარებოდა. ოპერაციამაც თავის დროზე და კარგად ჩაიარა. ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ, მადლობას ვუხდი ყველას დახმარებისთვის. მახსოვს, რომ ამ შემთხვევამ დამავიწყა ადამიანებისგან მანამდე მიღებული გულისტკენა და ცხოვრებისეული სირთულეები. დღეს ჩემი ცხოვრების ყოველი დღე მუსიკითაა სავსე... რამდენიმე წუთის შესვენებით მთელი დღე ვმეცადინეობ და სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ დრო არ მყოფნის.

© photo: courtesy of Mariam Mamadashviliმარიამ მამადაშვილი
„ჩემ გარშემო სხვა არაფერია, მხოლოდ მე და მუსიკა ვართ“ – საგაზაფხულო მელოდია ვიოლინოსთვის - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი

– რომელია მელოდია, რომელსაც სცენის მიღმა, მარტო დარჩენილიც ასრულებთ?

– ჩემი აზრით, მუსიკოსისთვის ყველა მელოდია, რომელსაც ასრულებს, ერთნაირად საყვარელია, მას ისე ვერ შეასრულებ სრულყოფილად, თუ მთლიანად არ შეიგრძენი, შეისწავლე და საკუთარი ხედვით არ გადმოეცი. ამიტომ ყოველ ჯერზე რის შესრულებაც მიწევს, მისი გარჩევის პირველი დღიდან საინტერესო ხდება. რაც უფრო მეტად ვეცნობი, მით უფრო საყვარელი და ძვირფასი ხდება. ყველაფერი კი მანამდე შესრულებული საყვარელი ნაწარმოებების სიაში რჩება. მარტო დარჩენილი კულისებს მიღმა განწყობის შესაფერისად უკვე შესრულებულ მელოდიებს ვიხსენებ ხოლმე...

© photo: courtesy of Mariam Mamadashviliმარიამ მამადაშვილი კოლეგებთან ერთად
„ჩემ გარშემო სხვა არაფერია, მხოლოდ მე და მუსიკა ვართ“ – საგაზაფხულო მელოდია ვიოლინოსთვის - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი კოლეგებთან ერთად

– ყველაფერი დაიწყო ბავშვობაში, მაშინ, როდესაც დედა მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა მოსწავლეებს სახლში...

– წარმოშობით თელავიდან ვარ, დედა მუსიკის მასწავლებელია და მარტო მზრდიდა. ხუთი წლის არ ვიყავი, როცა მოვინდომე მუსიკა მესწავლა. როცა სახლში მოსწავლეები მოდიოდნენ, მეც მინდოდა დაკვრა. ასე დავიწყე ფორტეპიანოს შესწავლა. კარგი მონაცემები და აბსოლუტური სმენა აღმომაჩნდა და მალე ვიოლინოს კლასში გადავედი. რამდენიმე წელში თბილისში მივიღე კონკურსში მონაწილეობა და დიდი მოწონება დავიმსახურე. დედამ წამომიყვანა თბილისში და დღემდე დიდი წვალებით მოვედით. სულ ქირით ვცხოვრობდით და ხშირად გვიწევდა ბინის გამოცვლა. ზოგჯერ ნახევარი წელიც არ ვცხოვრობდით ერთ ბინაში. მერე 25 წლის ასაკში გავთხოვდი და ცხოვრება შეიცვალა.

© photo: courtesy of Mariam Mamadashviliმარიამ მამადაშვილი
„ჩემ გარშემო სხვა არაფერია, მხოლოდ მე და მუსიკა ვართ“ – საგაზაფხულო მელოდია ვიოლინოსთვის - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი

– როგორი დიასახლისია წარმატებული მუსიკოსი?

– ვცდილობ კარგი დიასახლისი ვიყო. მომწონს, როცა ყველაფერს ვასწრებ. არ მინდა მარტო ვმუშაობდე, სახლში კი ვერაფერს ვასწრებდე, ან პირიქით, ამიტომ ჩემი განრიგი მაქვს, რის მიხედვითაც ვცდილობ ყველაფრისთვის გავანაწილო დრო. ყოველდღე ვვარჯიშობ და ჯანმრთელი ცხოვრების სტილით ვცხოვრობ. ვცდილობ ჯანსაღი საკვები მოვამზადო, ამიტომ შემწვარ-მოხრაკულების მომზადების დიდი გამოცდილება არც მაქვს, თუმცა თუ დამჭირდა, დარწმუნებული ვარ, გემრიელი გამომივა.

© photo: courtesy of Mariam Mamadashviliმეუღლესთან ერთად
„ჩემ გარშემო სხვა არაფერია, მხოლოდ მე და მუსიკა ვართ“ – საგაზაფხულო მელოდია ვიოლინოსთვის - Sputnik საქართველო
მეუღლესთან ერთად

– უცხოეთში ხშირად დადიხართ, რაიმე სახალისო ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით?

– მახსოვს გერმანიაში მატარებლის გაჩერებაზე ვაგონიდან ვერ ჩამოვდიოდი, რადგან იქ თურმე კარები თავად უნდა გამეღო. პირველად ამას ვერ მივხვდი, სანამ ვიღაც არ ჩავიდა. ასე რომ, დავიკარგე... მახსოვს, რამდენიმე საათში კონცერტი მქონდა და მთელი ქალაქი ფეხით მოვიარე, არ დამაგვიანდეს–მეთქი. რამდენად გახალისდით არ ვიცი, მაგრამ როცა ამ ამბავს ვიხსენებ, საკუთარ თავზე მეცინება.

© photo: courtesy of Mariam Mamadashviliმარიამ მამადაშვილი
„ჩემ გარშემო სხვა არაფერია, მხოლოდ მე და მუსიკა ვართ“ – საგაზაფხულო მელოდია ვიოლინოსთვის - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი

– როგორია ცხოვრება მუსიკასთან ერთად?

– მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. მუსიკასთან ერთად ცხოვრება იმაზე მშვენიერია, ვიდრე შეიძლება მის გარეშე იყოს. ჩემთვის ყველა სირთულის გადასალახად მხოლოდ ინსტრუმენტის ხელში აღებაა საჭირო და დაკვრა, თითქოს ყველაფერი, რაც რიგზე არ არის, ამის მერე თავის ადგილზე დგება. როდესაც მუსიკას ვუსმენ, მეც მინდა, რომ დავუკრა. სხვის მოსმენას ყოველთვის მირჩევნია თავად დავუკრა. საკმარისია კლასიკურ მუსიკას მოვუსმინო და თავისთავად ვიწყებ მეცადინეობას. თითქოს ჩემ გარშემო სხვა არაფერია და მხოლოდ მე და მუსიკა ვართ...

– თქვენთვის რომელია საგაზაფხულო მელოდია ვიოლინოსთვის?

– საგაზაფხულო? – ვენიავსკის პირველი სავიოლინო კონცერტის მესამე ნაწილი, რადგან ის გაზაფხულივით ჰაეროვანია, ენერგიული და რომანტიკული...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0