თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-19 ნომერი АТР-ს რეიტინგში) გამოსვლა АТР-500 სერიის ტურნირზე დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) გამარჯვებით დაიწყო.
ბასილაშვილმა პირველ რაუნდში მეოთხე ნომრად განთესილ კარენ ხაჩანოვს (რუსეთი) ორ სეტში მოუგო – 6:4, 6:1. შეხვედრა 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილისთვის ეს გამარჯვება ხაჩანოვზე მისი კარიერის განმავლობაში პირველი იყო. აქამდე მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ რუსმა სპორტსმენმა გაიმარჯვა.
Dubai Duty Free Tennis Championships-ის მეორე რაუნდში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა გამოიმუშავა 45 სარეიტინგო ქულა და 38 ათასი დოლარი საპრიზო. ჩოგბურთელს გასულ წელს დუბაის ტურნირზე არ უასპარეზია, ამიტომ დიდი ალბათობაა, რომ АТР-ს რეიტინგში ბასილაშვილი კვლავ გაიუმჯობესებს თავის პოზიციებს.
¼ ფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი შეხვდება ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (18).
Dubai Duty Free Tennis Championships 2 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია სამ მილიონამდე აშშ დოლარი.