თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თაღლითური განზრახვით დაუკავშირდნენ სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ მოქალაქეს და დაარწმუნეს იგი, რომ 5 ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დახმარებით ისინი შეძლებდნენ მისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემას.
მამაკაცმა მათ თანხის ნაწილი – 1 ათასი ლარი გადაუხადა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.