თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისი გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ გარე წვის გამათბობლების მონტაჟისგან და იუწყება, რომ გასულ კვირაში მხუთავი აირით 10 ადამიანი მოიწამლა.
კომპანიის მიერ გავფრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხუთავი აირი ადამიანისთვის ბუნებრივ გაზზე მეტად საშიშია, ვინაიდან მომენტალურად აყენებს ლეტალურ შედეგს.
კომპანია ასევე აქვეყნებს სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ბინის შემოწმებისას გადაღებულ ვიდეოკადრებს.
შემოწმებისას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებმა კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომლის საკვამურშიც ჩიტებს ბუდე ჰქონდათ მოწყობილი. კომპანიის თანამშრომლებმა წყლის გამათბობელი ჩახსნეს და ბინის მეპატრონე გააფრთხილეს, შეცვალოს ის უსაფრთხო, შიდაწვის გამაცხელებლით.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ბინის მცხოვრებლები სასწაულებრივად გადაურჩნენ ტრაგედიას.