თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. თბილისში მეორადი საბურავების, ასევე, შავი და ფერადი ლითონის ჯართის განთავსების ან რეალიზაციის დადგენილი წესების დარღვევა ადმინისტრაციული წესით დაისჯება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება>>>
„ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ ახალი სახის ჯარიმები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით შემოდის. კანონპროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და მისი ინიცირება უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ იგეგმება.
კერძოდ, მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესით - ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 1 ათასი ლარის ოდენობით დაისჯება.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირის 3 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
უფრო მაღალია ადმინისტრაციული ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუკი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია დადგენილი წესის დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ხდება. დედაქალაქის ამ ტერიტორიაზე ფიზიკური პირები - 1 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირები - 2 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 2 ათასი ლარიდან 6 ათასი ლარის ფარგლებშია განსაზღვრული.