„ერისიონი" „სუხიშვილების" კვალდაკვალ - ანსამბლი საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადება

გამოწერა
კონცერტიდან შემოსული თანხა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებულ სასადილოს გადაეცემა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი" 9 მარტს უპოვართა დასახმარებლად კონცერტს გამართავს, ნათქვამია ანსამბლის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე (ფილარმონია) საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გულის" ორგანიზებით გაიმართება.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
„სუხიშვილები" შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარება

თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან პატარა უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომელიც ექვს წელზე მეტია გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ცხელი საკვებით უმასპინძლდება. სასადილოში ყოველდღიურად დაახლოებით 150-200 ადამიანი იკვებება. ბევრი სტუმრისთვის სასადილო სრულფასოვანი კვების ერთადერთი შანსია, აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.

გავრცელებული ინფორმაციით, არსებული ფინანსური პრობლემების გამო სასადილომ შეიძლება ფუნქციონირება შეწყვიტოს და ვეღარ მოახერხოს ასობით ადამიანის გამოკვება. მათ დასახმარებლად 2018 წლის ნოემბერში „სუხიშვილების" ნაციონალურმა ბალეტმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

ამჯერად ამ საქველმოქმედო ინიციატივას ანსამბლ „ერისიონის" წევრები უერთდებიან. საღამო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, 20:00 საათზე გაიმართება, ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ფილარმონიის სალაროებში, ისე ონლაინ.

კონცერტიდან შემოსული თანხა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებულ სასადილოს გადაეცემა.

ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაარსდა. დღეისთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.

 

ყველა ახალი ამბავი
0