ქართველი მასწავლებელი მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა

© Facebook / photo: Lado Apkhazava / FBლადო აფხაზავა
ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ მიიღო შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსში, რომლის მთავარი პრიზი ერთი მილიონი დოლარია.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. გურიის სოფელ ჩიბათის მცხოვრები, მასწავლებელი ვლადიმერ (ლადო) აფხაზავა საერთაშორისო კონკურსის The Global Teacher Prize 2019 საუკეთესო პედაგოგების ათეულში მოხვდა, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აფხაზავამ 2017 წელს საუკეთესო მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაიმსახურა. ამის შედეგად მას მიეცა საშუალება, მიეღო მონაწილეობა კონკურსში The Global Teacher Prize. კონკურსის გამარჯვებულ მასწავლებელს გადაეცემა ფულადი პრემია ერთი მილიონი დოლარის ოდენობით. წელს კონკურსში მონაწილეობისთვის 10 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა მსოფლიოს 179 ქვეყნიდან.

ფინალისტების ვინაობა ვიდეომიმართვაში ცნობილმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„როცა პატარა ვიყავი, ბევრი გმირი იყო, რომელთა მიბაძვაც მინდოდა. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ, ჩემი აზრით, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერგმირები მასწავლებლები არიან – ისინი სამყაროს ცვლიან", – განაცხადა ჯეკმანმა.

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლების ათეულში ასევე შევიდნენ პედაგოგები ბრაზილიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ინდოეთიდან, არგენტინიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, აშშ-დან, არგენტინიდან და კენიიდან.

გამარჯვებული დასახელდება 24 მარტს დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე. წინა დღეს ფინალისტებისთვის საზეიმო კონცერტი გაიმართება, სადაც მასწავლებლებს თავიანთი ისტორიების მოყოლის შესაძლებლობა ექნებათ.

ლადო აფხაზავა 42 წლისაა. არის ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული. უკვე მეცხრე წელია, სოფელ ჩიბათის სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

ინდიანა ბულეიშვილი - Sputnik საქართველო
ინდიანა მასწავლებელი, აივნის ქვეშ დანთებული გული და მძიმე როკი

ლადოს მთავარი მიზანია მოსწავლეების, როგორც აქტიური მოქალაქეებისა და თანამედროვე საზოგადოების ლიდერების აღზრდა, რათა ისინი კრიტიკულად მოაზროვნე დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. მან 2003 წელს დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ ცოდნას იძენდნენ. შემდგომ თავად ბავშვებმა ამ ადგილს „ლადოს ბანაკი" უწოდეს.

აფხაზავას ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა „დემოკრატიული რევოლუცია", რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა.

The Global Teacher Prize-ის გამარჯვებულის არჩევისას ითვალისწინებენ შემდეგ კრიტერიუმებს: მასწავლებლის დამსახურების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ, სწავლის ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება, მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ სხვების დარწმუნება, პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა, მოსწავლეების სწავლის საქმეში თვალსაჩინო შედეგების მიღწევა, ბავშვების აღზრდა გლობალიზაციის კალაპოტში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემით.

ყველა ახალი ამბავი
0