ტურიზმისთვის 138 მილიონი: როგორ განვითარდება საქართველოს რეგიონები

გამოწერა
მინისტრმა საქართველოში ტურისტების მოზიდვისთვის ძველი ღირსშესანიშნაობების რესტავრაციისა და ახლის მშენებლობის გეგმებზე ისაუბრა

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 138 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით იგეგმება ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მოწესრიგება, მომსახურების სფეროს წარმომადგენელთა გადამზადება. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საქართველოს მდიდარი ტურისტების მოზიდვის პოტენციალი გააჩნია.

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გასულ წელს ამ მიმართულებით 90 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, კობი-გუდაურის საქართველოში ყველაზე გრძელი – 7,5 კილომეტრი სიგრძის საბაგირო გზა, ბატონის ციხის რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა ვარძიაში, ხერთვისში და ვანის ქვაბების მუზეუმთან.

ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო
The telegraph-მა საქართველო დასვენებისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეულში შეიყვანა

წელს ასურეთში დასრულდება მე–19 საუკუნის გერმანული ეკლესიისა და შვაბების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების რესტავრაცია, მოწესრიგდება სასაფლაო.

ასევე, ზუგდიდში მალე დასრულდება ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა, მესტიაში – ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რემონტი, ხოლო ვანში – არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა.

წელს დასრულდება მცხეთაში კინოთეატრის ძველი შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი.

ამას გარდა, დაიწყო აბასთუმნის ისტორიული შენობებისა და ობსერვატორიის რესტავრაცია, მიმდინარეობს ამ დასახლების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ხელისუფლების გეგმაშია 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა და ვიზიტორთა ცენტრის გახსნა.

კახეთში სამინისტრომ ხუთი ადგილი შეარჩია, სადაც გადასახედი მოედნები მოეწყობა; მომავალში კიდევ ათი ასეთი ტურისტული ადგილი გაჩნდება. გადასახედი მოედნების პროექტებს ახალგაზრდა არქიტექტორებს მიანდობენ. საუკეთესო პროექტი კონკურსის წესით შეირჩევა.

განმუხური - Sputnik საქართველო
ანაკლიაში ზაფხულის სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო

განსაკუთრებული ყურადღება 2019 წელს ბაკურიანს მიექცევა. ცქიტიშვილის განცხადებით, 2018 წელს დამტკიცდა ბაურიანისა და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს მთავრობა.

„უკვე დაწყებულია და წელს დასრულდება ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაკურიანში ტრანზიტულ მოძრაობას და შედეგად შემცირდება დღეს არსებული საცობები. დაწყებულია მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის მშენებლობა და დიდველზე არსებული პარკინგის გაფართოება და კეთილმოწყობა. 2019 წელს ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში მომზადდება კურორტზე სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა და შედეგად დარეგულირდება თუ სად, როდის და რა ტიპის ტრანსპორტით იქნება გადაადგილება შესაძლებელი კურორტის ზონაში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველოს იანვარში 528 ათასზე მეტი ვიიტორი ეწვია. აქედან ტურისტი 305,9 ათასზე მეტი იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5,9%–ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0