თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობას წინ უსწრებდა მეზობლად, დიუმას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის შედეგადაც დაიჭრა ბესიკ ბიძინაშვილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მკვლელობა სამშაბათს, საღამოს მოხდა. ამ დროისათვის 42 წლის ბიძინაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
„პაციენტი საავადმყოფოში მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით შემოიყვანეს. გაუკეთდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ამ დროისთვის იგი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", – განაცხადა ექიმმა.
ბიძინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოლიციამ მისი დაკითხვა ვერ მოახერხა.
რაც შეეხება 50 წლის ჯაფარიძეს, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მას Volkswagen-ის მარკის ავტომობილიდან ესროლეს. ჯაფარიძე თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა.
ჯერჯერობით უცნობია, პოლიციამ იპოვა თუ არა დამნაშავე, ან არსებობს თუ არა ეჭვმიტანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი ბიძინაშვილის ძმის შურისძიება გახდა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.