თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სულ „ცხელ ხაზზე“ 261 შეტყობინება შევიდა, მათგან ყველაზე მეტი რაოდენობა – 200 თბილისში დაფიქსირდა. სულ საქართველოში ქარმა დააზიანა 87 ხე, 62 შენობის სახურავი, 32 ავტომობილი, რვა გაზის მილი, მაღალი ძაბვის რვა ელექტროგადამცემი ხაზი და ოთხი სარეკლამო ბილბორდი.
ყველა შემთხვევაში შესაბამისმა სამსახურმა დროული რეაგირება მოახდინა, შესაბამისად, ძლიერი ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.
უამინდობასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს.
ამ უქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ქვეყნის უმეტეს რაიონში ნალექი მოვიდა. ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრს აღწევდა. საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა 20 თებერვლამდე შენარჩუნდება.