გორში თანაკლასელებმა თვითმკვლელობა სცადეს – გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა - გოგონამ და ვაჟმა თვითმკვლელობა სცადეს, იუწყება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

შემთხვევა გორში გუშინ, საღამოს მოხდა. 16 წლის გოგონამ თავის ჩამოხრჩობა სცადა, მომხდარიდან რამდენიმე საათში კი სუიციდის მცდელობა ჰქონდა მის თანაკლასელ ბიჭს, რომელმაც ვენები გადაიჭრა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ექიმების განცხადებით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბიჭი კი საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს.

„გოგოს გული ჰქონდა გაჩერებული და ექიმებმა აუმუშავეს, ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა და მძიმეა მისი მდგომარეობა. პირველად ჯერ გოგო შემოიყვანეს და ერთი საათის შემდეგ ბიჭი. მას ხელის წინა მხრის დაზიანება, ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა. სავარაუდოდ, ვენების გადაჭრას ცდილობდა, ჭრილობები დაუმუშავეს და გუშინვე გაწერეს", – განაცხადეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მოზარდების თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება და ისინი შეყვარებულები არიან.

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0