თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონთან ხორვატიის გუნდთან ამხანაგურ მატჩს 19 ნოემბერს გამართავს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.
შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ხორვატიის ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებს შორის შედგა. თუმცა, ჯერ უცნობია, სად გაიმართება მატჩი.
საქართველოსა და ხორვატიის გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ – 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. თბილისში გამართული მატჩი ქართველებმა სფფ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით მოიგეს. მეორე შეხვედრა კი საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ქალაქ სპლიტში გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ევრო–2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს რვა მატჩის თამაში მოუწევს. ასე რომ, ვლადიმირ ვაისის ქვეშევრდომები წელს ორი ამხანაგური მატჩის გამართვას შეძლებენ. კიდევ ერთი მატჩი სექტემბერშია დაგეგმილი. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ევრო–2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისში შვეიცარიის წინააღმდეგ 23 მარტს გამართავს.
ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონია ფეხბურთში. 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში იგი საფრანგეთის გუნდთან დამარცხდა ანგარიშით 2:4.