თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აშშ-ში მცხოვრებმა რეჟისორმა საქართველოდან თათია ფილიევამ გადაიღო ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Crying Out Loud, სადაც მამაკაცები თავიანთ ცხოვრებაში მტკივნეული მომენტების გახსენებისას ტირიან.
თათია მხატვარი და რეჟისორია, რომელმაც კინოხელოვნების ამერიკული ინსტიტუტი დაამთავრა. ის ცხოვრობს და მუშაობს ლოს-ანჯელესში.
ფილიევა ცნობილია თავისი ემოციური ვიდეოებით – „პირველი კოცნა" და „გამხადე". ამჟამად რეჟისორმა კინოსტუდია Pulse Film-თან ერთად გადაღებული თავისი მორიგი ფილმი მიუძღვნა მამაკაცებსა და საზოგადოებაში ფესვგადგმულ მოსაზრებას, რომ „მამაკაცები არ ტირიან".
თავის სამწუთიან სურათში თათია სხვადასხვა ასაკის მამაკაცებს მოხერხებულ დივანზე სვამს და მათ თავდაპირველად ჩვეულებრივ კითხვებს უსვამს, თუ როგორ ჩაიარა დღემ და ა.შ. შემდეგ უკვე მამაკაცები სცემენ პასუხს კითხვებს: „ვინ არის მამაკაცი?", „ვინ არის მამაკაცის თქვენი იდეალი?" ან „როგორ უნდა იქცეოდეს მამაკაცი?".
ამის შემდეგ ავტორი მათ ეკითხება, უნახავს თუ არა, როგორ ტიროდა მისი მამა და რას გრძნობდა ამ მომენტში. ასევე ინტერესდება, რომელია მათ ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი მომენტი. ამაზე ფილმის მონაწილეები პასუხობენ, რომ ესაა ის მომენტი, როცა მშობლებმა მათ გაყრის შესახებ ამცნეს, ან როცა მძიმე დაავადებას ან დეპრესიას ებრძოდნენ, როცა კარგავდნენ მამებს ან საუკეთესო მეგობრებს.
მამაკაცები საუბრობენ, რომ ამ დროს ისინი გრძნობდნენ საკუთარ უმწეობას, უძლურებას, დაბნეულობას, რომ მზად არ იყვნენ, გამხდარიყვნენ ძლიერი შემდგომი ცხოვრებისეული გამოცდებისთვის.
ამ სევდიან მომენტებზე საუბრისას მამაკაცები ფილმში ცრემლს ვერ იკავებენ და ტირიან – ზოგი უჩუმრად, ზოგი კი ქვითინებს კიდეც.