გასული კვირის სპორტული ცხოვრება ძირითადად ფეხბურთთან არის დაკავშირებული, რადგან ზამთრის არდადეგების შემდეგ განახლდა ჩემპიონთა ლიგა და ოთხი მერვედფინალური შეხვედრაც გაიმართა. სპეციალისტები ამბობენ, ამ ეტაპზე სუსტი მეტოქეები არ არსებობენო, ამიტომაც ყველა ელოდა უშეღავათო ბრძოლას, ასეც მოხდა, თუმცა რიგ დაპირისპირებას ამოუცნობი შედეგი მოჰყვა. ასეთთა შორის უნდა გამოვარჩიო ლონდონის „ტოტენჰემისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ მატჩი. საყოველთაო მოსაზრებით ინგლისური გუნდი დიდადაა დამოკიდებული ჰარი კეინზე და მის გარეშე გერმანული ბარიერის გადალახვა ვერ უნდა მოეხერხებინა. რატომღაც ბევრს ავიწყდება, რომ ამ გუნდს სათავეში უდგას თავისი საქმის უბადლო მცოდნე მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ცნობილია იმით, რომ მწირი რესურსებითაც აღწევს შედეგს. საბოლოო შედეგამდე განმეორებითი მატჩია დორტმუნდში, მაგრამ უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ ლონდონელი „დეზები“ ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან. სამ ბურთიანი უპირატესობის გაბათილების შემთხვევები როგორ არ ყოფილა, მაგრამ ამ ეტაპზე, ლუსიენ ფავრის შეგირდებს, საბოლოო შედეგის სათავისოდ მოტრიალება უნდა გაუჭირდეთ.
ყველაზე დიდი ინტრიგა, ახალი მწვრთნელის ხელში მოფერიანებული „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირებას ახლდა. ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელში ინგლისელებმა 11 მატჩიდან 10 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. მანჩესტერის „ოლდ ტრეფორზე“ გამართულ ამ შეხვედრას პასუხი უნდა გაეცა შეკითხვაზე, რამდენად რეალური იყო მანკუნიანელების ამბიცია და რა შეეძლო პარიზულ გუნდს ორი გამოკვეთილი ლიდერის:-ნეიმარისა და კავანის გარეშე. როგორც გამოირკვა, დღევანდელი მდგომარეობით ფრანგული გუნდი უფრო დაბალანსებულია. საკუთარი კარის მისადგომებიც საიმედოდ ჩარაზა, უფრო მწვავედაც უტევდა და საბოლოო ანგარიშიც (2:0) იმის საკმაო გარანტიაა, რომ მომდევნო ეტაპზე თომას ტუხელის გუნდი ვიხილოთ.
მარადიულ ქალაქში „რომამ“ პორტუგალიურ „პორტოს“ უმასპინძლა, გაიმარჯვა კიდეც (2:1), მაგრამ რამდენად საკმარისია ერთბურთიანი სხვაობა საბოლოო წარმატებისთვის ძნელი სათქმელია. რომაელებს ამ სეზონში გასვლაზე თამაში არ გამოსდით, ეს მათი აქილევსის ქუსლი იყო წინა სეზონშიც და ძირითადად საკუთარი პუბლიკის წინაშე კარგი თამაშის წყალობით მოახდინეს ერთი დიდი სენსაცია (როცა ბარსელონა დაამარცხეს). „პორტო“ გასვლაზეც და შინაც უფრო სტაბილური გუნდია, ამიტომ ამათ დაპირისპირებაში მეტი შანსი პორტუგალიელებს უნდა ჰქონდეთ. რომაულ დაპირისპირებაში მასპინძელთა ორივე გოლი ნიკოლო ძანიოლიმ გაიტანა და უკვე მონათლეს ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის მემკვიდრედ. ორ კვირაში გვეცოდინება, ვისი არგუმენტები უფრო მყარი და რეალურია.
ბოლოსკენ მოვიტოვე ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებული მადრიდის „რეალისა“ და ოდესღაც ევროპული გრანდის „აიაქსის“ პირველი შეხვედრა. შეხვედრის პირველ ნახევარში ჰოლანდიელებმა ისეთი ტემპი და პრესინგი შესთავაზეს სტუმრებს, რომ ცოტა რომ გამართლებოდათ, იქნებ სენსაციაც გამომცხვარიყო, მაგრამ როგორც გამოირკვა „აიაქსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავები ჯერ არ დაღვინებულან. სხვა ვერაფრით ავხსნი უამრავ გაცუდებულ მომენტს, თან, მეორე ტაიმში აშკარად ვეღარ გაუძლეს საკუთარ ტემპს, დაიღალნენ და მადრიდელთა კლასმაც იჩინა თავი. მე- 60-ე წუთზე ბენზემას გატანილი გოლი კი გაქვითეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგეს. აქ აუცილებლად უნდა ითქვას მსაჯის მიერ არჩათვლილ გოლზე. ჰოლანდიელთა შემტევმა წესების სრული დაცვით გაუტანა კურტუას, თუმცა ვიდეო რეფერიმ მეორე თავდამსხმელის თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რომელიც ამავდროულად მეკარეს უშლიდა ხელს. „რეალის“ დროებითმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებისთვის მზადაა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ჩემი აზრით, სოლარის მეტი მოკრძალება მართებს, რადგან დღეს მისი გუნდი შესაძლოა „აიაქსს“ სჯობდეს, მაგრამ სხვა პრეტენდენტებთან არანაირი უპირატესობა არ გააჩნია.
დღეს, საღამოს თბილისში რაგბი ევროპის მორიგი მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. პირინეელებმა რამდენიმე ფრანგი მორაგბის ნატურალიზაციის შემდეგ წინა ტურში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს და ამბიციებიც მოეძალათ, თუმცა ჩვენთან გასამარჯვებლად მხოლოდ ამბიციები ნამდვილად არ ეყოთ. მიუხედავად უამინდობისა, მთელი შეხვედრის მანძილზე ქართველების უპირატესობა აშკარა იყო და რომ არა ქარი ანგარიში უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მილტონ ჰეიგი კვლავ ენდო ახალგაზრდებს და ორმა მათგანმა (დავით გიგაურმა და გრიგოლ ქერდიყოშვილმა) სადებიუტო მატჩში ლელოც დადო. საბოლოო შედეგი 22:10 გახლავთ. მორიგ შეხვედრას ქართველები 2 მარტს ბელგიაში გამართავენ. გთავაზობთ შეხვედრის მეორე ტაიმის ვიდეოჩანაწერს.
საკვირაო მიმოხილვას დავასრულებ ერთი ინფორმაციით. 22 და 23 ნოემბერს გერმანიაში დიუსელდორფის გრანდ სლემი გაიმართება. ქართველი ძიუდოისტები 14 კაციანი გუნდით წარსდგებიან. გუნდში მხოლოდ ვაჟები არიან. პარიზული განაცხადის შემდეგ არის ცვლილებები:- გუნდს დაემატნენ ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი გუგულაშვილი, ფრიდონ გიგანი, ბექა დონღვანი, გიორგი კაციაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მატიაშვილი. გასულ წელს აქ ოქროს მედალი მოიგო ვარლამ ლიპარტელიანმა, ხოლო ბრინჯაო ლუხუმ ჩხვიმიანმა.