თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხში ნაპოვნი არტეფაქტები შესაძლოა ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური.
ოთხი სამარხს, კერამიკული ჭურჭელსა და ლითონის სამკაულს არქეოლოგები შეისწავლიან და ზუსტ დასკვნასაც მოამზადებენ.
„არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
გლდანის ციხესთან ძველი სამარხი მას შემდეგ შენიშნეს, რაც სანიაღვრე მილი დაზიანდა და წყალმა მიწის ფენები ჩამორეცხა.
შესაძლო არქეოლოგიური ობიექტის შესახებ შსს-სა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახლოს მცხოვრებმა მოქალაქემ აცნობა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიციის რაზმი გაიგზავნა ობიექტების უსაფრთხოების დასაცავად.
წაიკითხეთ აქ: აღმოსავლეთ საქართველოში პირველი საუკუნის სამარხები აღმოაჩინეს
აღსანიშნავია, რომ ელინიზმის ეპოქა დაახლოებით სამ საუკუნეს გრძელდებოდა და ძველი წელთაღრიცხვის 323-30 წლებს მოიცავდა. იმ პერიოდში საქართველოზე გადიოდა ერთ–ერთი დიდი მსოფლიო სავაჭრო სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აღმოსავლეთთან აკავშირებდა.