როდის დაუბრუნებს სუს–ი მაჩალიკაშვილის ოჯახს თანხას?

გამოწერა
სუს–ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა ვერ შეძლო მათ სახლში თანხის წარმომავლობის დამტკიცება

თბილისი,  16 თებერვალი – Sputnik. პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, მათ შორის, თანხის დაბრუნების საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება, იუწყება Новости-Грузия საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე (სუს–ი) დაყრდნობით.

პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სასამართლო წააგო>>>

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრეს. მაჩალიკაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს დღემდე მართავს.

სპეცოპერაციის დღეს მაჩალიკაშვილის სახლიდან 23,5 ათასზე მეტი ლარი ამოიღეს, აქედან 1 ათასი ლარი დაიკარგა, განაცხადა ჟურნალისტებთან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. მისი სიტყვებით, ოჯახმა თანხის წარმომავლობა დაამტკიცა და თუ ამ თანხას არ დააბრუნებენ, ოჯახი სუს–ის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს. 

სპეცოპერაციის შედეგები თბილისში - Sputnik საქართველო
იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა

 „საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებული ნივთმტკიცებების დაბრუნების საკითხი გადაწყდება ამ მოქმედებების დასრულების შემდეგ. აგრეთვე, ადვოკატის განცხადება იმის თაობაზე, რომ თანხის წარმომავლობის საბუთები იქნა წარმოდგენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. მათ არანაირი დოკუმენტი თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის არ წარმოუდგენიათ“, - ნათქვამია  სუს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა აღნიშნულია, რომ ადვოკატს თანხის დაბრუნების თხოვნით არ მიუმართავს.

 „დაკითხვების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ შეძლო თანხასთან დაკავშირებული სხვადასხვა გარემოებების კონკრეტიზება და კითხვებზე გაუგებარი პასუხები გასცა, რასთან დაკავშირებითაც ეს საკითხი დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს საჭიროებს“, – დასძინეს სუს–ში.

ტერორიზმთან ბრძოლა

რაც შეეხება პანკისის ხეობაში მოვლენებს, მას წინ უსწრებდა თბილისში ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით  ჩატარებული სპეცოპერაცია. ტერორიზმში ბრალდებულები თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში, 2017 წლის 21–22 ნოემბერს უწევდნენ წინააღმდეგობას სპეცრაზმელებს და ისროდნენ მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან. სპეცოპერაცია იბრაჰიმ ადაშევის და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით დასრულდა, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. 

იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა>>>

აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს შოაიპ ბორზიევი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს მას 13 წლით პატიმრობა შეუფარდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა - Sputnik საქართველო
ახალი დეტალები ტერორისტ ჩატაევთან კავშირში ბრალდებულების საქმეში

საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა, სადაც ტერორისტები იმალებოდნენ, დატოვა და  მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 27 ივლისს მას 13 წლით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს სუს–მა ბათუმში შავაძის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ სუს–ი ჩატაევისთვის საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისას დახმარების გაწევაში  ეჭვმიტანილი პირების გამოვლენით დაკავდა. შედეგად, პანკისის ხეობაში დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი, მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

2018 წლის იანვარში თბილისსა და ახმეტაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს – ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივლისში დამნაშავედ ცნო ყველა პირი, გარდა გორნიკაშვილისა და ჩოფანაშვილისა. მათი საქმე ცალკე იხილება.

ყველა ახალი ამბავი
0