ამბობს, რომ მოგზაურობა მისი ცხობრების განუყოფელი ნაწილია. მისი შემოსავლების დიდი ნაწილი მოგზაურობას ხმარდება, ვინაიდან თვლის, რომ ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავში ჩადოს.
- ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა აღვნიშნო, რომ მოგზაურობა შინაგანად ზრდის ადამიანს. განსაკუთრებით მარტო მოგზაურობა, რაც დამოუკიდებელ პიროვნებად აყალიბებს და საკუთარი თავის რწმენას სძენს ადამიანს. ყოფილა შემთხვევა ბერლინიდან დესტინაციის ადგილამდე (გდანსკამდე) მისასვლელად ცხრა საათი მიმგზავრია, იქ კი გამთენიისას ჩავსულვარ. სრულიად უცხო გარემოში პირველად რომ აღმოჩნდები, სხვადასხვა ინსტინქტები იჩენს თავს, ორიენტაციის უნარი გივითარდება. მართალია ინტერნეტის საშუალებით მისამართების ძებნა და მიგნება ბევრად გამარტივებულია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს უნარიც იხვეწება და ახალ ადგილებში უმიზნოდ აღარ დაბოდიალობ, პარალელურად გარემოსაც ათვალიერებ.
– შენს ცხოვრებაში რა ადგილი უკავია მოგზაურობას?
- მოგზაურობა ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფაქტობრივად იმისთვის ვმუშაობ, რომ დაგროვილი ფულით სადმე წავიდე. უნივერსიტეტშიც საზოგადოებრივ გეოგრაფიას ვსწავლობდი და საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა მაქვს ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტით, რაც ჩემს მოგზაურობას მნიშვნელოვან ღირებულებას სძენს ხოლმე. თეორიულ ცოდნას კი საკუთარი თვალით ნანახი ემატება და დაუვიწყარი მოგონებები იქმნება.
– ძირითადად რა მიზნით გიწვევს ხოლმე მოგზაურობა?
– ძირითადად საგანმანათლებლო მიზნით ვმოგზაურობ. პირველი გასვლა ერასმუს პლიუსს უკავშირდება. გერმანიაში სწავლის პარალელურად ხუთი მეზობელი ქვეყნის ნახვა მოვახერხე. ჩემი მეგობრები მეზობელ ქვეყნებში იყვნენ სასწავლებლად მაგ დროისთვის, ამიტომ კარგი შესაძლებლობა მქონდა მათი დახმარებით იქაური სიტუაციის უკეთ გასაცნობად. გერმანიაში პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარე ქალაქში ვცხოვრობდი, რამაც საშუალება მომცა ჯერ პოლონეთის დასავლეთი ქალაქები დამეთვალიერებინა. პირველად პოზნანში ვიყავი. შემდეგ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღას ვესტუმრე. ბოლოს კი ათ დღიანი ტურით დავათვალიერე უნგრეთის, ავსტრიის და სლოვაკეთის დედაქალაქები.
– მთელი ამ ხნის მანძილზე სასტუმროში გიწევდა ცხოვრება თუ იქაურ ოჯახებში?
- მოგზაურობას ძირითადად მეგობრებთან ერთად ვგეგმავდი და სტუდენტურად, შეღავათიან ფასებში ვცდილობდით მოგვეხერხებინა რაც შეიძლება მეტის ნახვა. უმეტესწილად ჰოსტელებს ან Airbnb-ს ვჯავშნიდით, სადაც ბევრად ახალგაზრდული სიტუაცია გვხვდებოდა. ამის გამო სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა ადგილობრივებთან, კონკრეტული ოჯახები როგორ ცხოვრობდნენ და რას აკეთებდნენ თავისუფალ დროს. სტუდენტურ საცხოვრებელში გერმანელ და თურქ სტუდენტთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემი გერმანელი მეზობელი ლაიფციგიდან იყო და წინა საშობაოდ თავიანთ ოჯახში დაგვპატიჟეს. ყველაზე დასამახსოვრებელი დღეები კულტურული თვალსაზრისით იქ გავატარე, რადგან ოჯახში ცხოვრება მომიწია რამდენიმე დღით, რამაც მათი ცხოვრების სტილი ახლო რაკურსით დამანახა. ჩემი მეზობელი დიდი ყურადღებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მშობლები აღმოჩნდნენ ძალიან მეგობრულები. დიდი სამსართულიანი სახლი ჰქონდათ ლაიფციგის გარეუბანში, მსუქანი კატა „ფილუ“ კი ოჯახის წევრად ითვლებოდა და როგორც გერმანული ოჯახების უმრავლესობას ერთი შვილი ჰყავდათ. მისვლის დღეს მამამ თავისი მომზადებული ლაზანია გვაჭამა. მე და ჩემს თურქ მეზობელს გამოგვკითხეს წარმომავლობა. ჩემი ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, ენაც ბევრი ევროპელივით ეგონათ სლავური გვქონდა და რუსულად ვსაუბრობდით. მაშინვე ჩანთიდან ქართული წიგნი ამოვიღე და ანბანი ვანახე. იმ დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი რამით გაოცდნენ და დამპირდნენ ესტუმრებოდნენ ჩვენს ქვეყანას.
გერმანელების საყვარელ საშობაო ბაზრობაზე გერმანიის ყველა აღმოსავლურ ქალაქში ვიყავი და აღმოვაჩინე მათი ამ დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულება, ამასთანავე ჩემმა მასპინძელმა ოჯახმა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში (ლუთერანული) წაგვიყვანა საშობაო მსახურებაზე, რომელსაც რელიგიური ელფერი მაინცდამაინც არ ჰქონდა და ბახის ქალაქში, ორღანი ბახის ფუგას ასრულებდა. შემდეგ ბიჭების გუნდმა იგალობა. შობის დღესასწაულის უკეთ გასაცნობად საღამოს რესტორანში წავედით, ქართველები მაგ ადგილს დუქანს უფრო დავარქმევდით, მაგრამ ეს ადგილი მასპინძლებმა სპეციალურად შეარჩიეს, რადგან იქ სიძველის აურა ტრიალებდა. სტუმრებიდან ყველაზე ახალგაზრდები ჩვენ ვიყავით, დანარჩენები 35 წელს გადაცილებულები იყვნენ 90-იანების ვარცხნილობით და იგივე პერიოდის მუსიკით (Modern Talking- You’re my heart). მოკლედ ძალიან მოხიბლული ვიყავი, რომ გერმანელებშიც ვიპოვე ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ დაელაპარაკებოდი და გერმანული იმპერიალიზმით შეპყრობილები ზემოდან ყურებას არ დაგიწყებდნენ.
– დღეს თუ გაქვს მათთან ურთერთობა?
- სოციალური ქსელის მეშვეობით ვკონტაქტობ შიგადაშიგ, როცა რაიმე ახალი ხდება ჩვენს ცხოვრებაში.
– ალბათ შენი ფავორიტი ქვეყანაც გექნება... რომელმა ქვეყანამ დაგამახსოვრა თავი განსაკუთრებით, მოგვიყევი რატომ გამოარჩიე, რამ მოგხიბლათ იქ?
– ყველაზე მეტი დრო გერმანიაში გავატარე, ალბათ ერთ ერთი მიზეზი ესეცაა, რომ ეს ქვეყანა რომელზეც სულ ვხუმრობდი „Life is too short to learn German” მეთქი, ჩემი ფავორიტია. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ბერლინის, ლაიფციგის, დრეზდენის, ოდერის ფრანკფურტის, პოტსდამის, ვიტენბერგისა და ჰამბურგის ნახვა მოვახერხე. სამხრეთი და დასავლეთი გერმანია ფაქტობრივად დასათვალიერებელი მაქვს, რისთვისაც აუცილებლად დავბრუნდები.
– ბევრს ჰგონია, რომ მოგზაურობა დიდ თანხებთნ არის დაკავშირებული, თუმცა სრულიად შესაძლებელია ბიუჯეტურად დაგეგმო ტური. ამიტომ მინდა ყველაზე იაფი მოგზაურობა გაიხსენო.
– როდესაც ევროპაში ხარ ქვეყნებს შორის გადაადგილება ბევრად იაფი ჯდება ვიდრე ქვეყანაში შიდა გადაადგილება, ნუ გერმანიაში ყოველ შემთხვევაში. თითქმის ყველა მოგზაურობა მცირე ბიუჯეტიანი იყო, განსაკუთრებით გამოვყოფდი ათ დღიან ტურს, რომლის ფარგლებშიც ბერლინიდან ბუდაპეშტამდე ათ ევროდ ვიფრინე, ხოლო ვენიდან ბრატისლავამდე ავტობუსის ბილეთში ერთი ევრო გადავიხადე. ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამ მოგზაურობას, რადგან ერთი ქვეყნიდან მეორეში სამი ლარად აღმოვჩნდი.
– შენი გამოცდილებით, ევროპის რომელ ქალაქებში შეიძლება ყველაზე იაფად მოგზაურობა?
– ყველაზე იაფად მოგზაურობა ბუდაპეშტშია შესაძლებელი, ჰოსტელი 6€ ღირდა, კვება და ტრანსპორტიც ძალიან იაფია. ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, დუნაის ორივე მხარე ულამაზესია და მდინარეზე სამდინარო საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შეგიძლიათ გაისეირნოთ. ყველაზე კარგი შთაბეჭდილებებით ამ ქალაქიდან დავბრუნდი, რადგან მოლოდინს გადააჭარბა.
– რა მოგცა საზღვარგარეთ მიღებულმა განათლებამ?
- საზღვარგარეთ მიღებულმა განათლებამ თეორიული ცოდნე პრაქტიკული და ცხოვრებისეული გამოცდილებებით გამიმრავალფეროვნა. მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო გამიღრმავა და ჩემმა ინტერესიანმა ბუნებამ საბოლოოდ გამოიჩინა თავი. სულ რაღაც ახლის მოლოდინში ვარ, სადმე როდის წავალ, ახალ ადამიანებსა და მათ კულტურას როდის გავეცნობი. ჭამაში ძალიან აზიატი ვიყავი, მაგრამ ადგილის ბოლომდე შესაგრძნობად ადგილობრივი საკვების გასინჯვა ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა.
– რას ურჩევ ადამიანებს, ვინც ახლა გეგმავს საზვარგარეთ სწავლის გაგრძელებას?
– საზღვარგარეთ თუ გაცვლითი პროგრამით აპირებთ წასვლას და არა რეგულარული სტუდენტის სტატუსით, გირჩევთ ბევრი იკონტაქტოთ უცხოელ სტუდენტებთან, გაეცნობით მათ კულტურას, ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ და სხვა თვალით შეხედავთ სამყაროს, ნახავთ რომ ფილმებში ნანახი სცენები და ადამიანები მართლაც არსებობენ, უბრალოდ სხვა კონტინენტსა და სხვა რეალობაში. რაც მთავარია იმოგზაურეთ ძალიან ბევრი, ამით თვალსაც გაახარებთ, გონებასაც და გულიც სულ სიხარულით გექნებათ სავსე.
– მომავალში რა გეგმები გაქვს?
– სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე მაგისტრატურაზე სწავლით შემოიფარგლება. ჯერ უნივერსიტეტის ძიებაში ვარ, თვითგამორკვევის პერიოდი მაქვს საკუთარ თავთან, მინდა კარგად ჩამოვყალიბდე რისი სწავლა მინდა, მაგრამ გეგმაში მდგრადი განვითარებაა ტურიზმის კუთხით, რაც ისევ ბევრ მოგზაურობასთან და ტურიზმში ინოვაციური მიდგომების შემუშავებასთან ასოცირდება. ამ ცოდნის რეალიზება კი ჩემს ქვეყანაში მინდა, ვთვლი, რომ ბევრი ულამაზესი ეკოტურისტული დესტინაცია ასათვისებელი და ჭკვიანურად დასაგეგმი გვაქვს, რასაც დასაწყისშივე პროფესიონალების მიხედვა სჭირდება, რათა მასობრივი ტურიზმით მატერიალური და არამატერიალური ბუნების ძეგლები შემთხვევით არ გავანადგუროთ.
სამომავლო მოგზაურობას რაც შეეხება, გაზაფხულზე კვიპროსში ვგეგმავ წასვლას პასიური დასვენებისთვის, ყოველთვის მაინტერესებდა ხმელთაშუა ზღვის ეს პატარა კუნძული რას სთავაზობდა დამსვენებლებს. მოგზაურები შთაბეჭდილებების ქვეშ არიან და ვიმედოვნებ არ გამიცრუვდება იმედები.