თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისში მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში შუახნის მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა თბილისში, შარტავას ქუჩაზე დღეს მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოში ბოლო დროს შრომის უსაფრთხოების პრობლემა გამწვავებულია. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი.
გასული წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეული ადამიანი სამუშაო ადგილზე თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის.