14 თებერვალი, თბილისი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, შეუჩეროს ხელმოწერის უფლება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს — მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო.
სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას ორთვიანი ვადა მიეცა ხაზარაძისა და ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გასაწვევად. ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება არც ერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
სებ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
„საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა“, — წერია სებ-ის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ „აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე“.