თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ და „დინამო – მინსკმა“ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტეს, ნათქვამია ბელარუსული კლუბის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„საფეხბურთო კლუბი „დინამო – მინსკი“ გულწრფელ მადლობას უხდის გიორგის გუნდის დახმარებისთვის და ფეხბურთელს შემდგომ კარიერულ წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნავალოვსკი, რომელსაც ივნისში 33 წელი შეუსრულდება, „დინამო–მინსკში“ გასულის წლის ზაფხულში რუსული „სკა–ხაბაროვსკიდან“ გადავიდა. მინსკელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელმა 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ნავალოვსკი საქართველოს ნაკრების მესამე ფეხბურთელია რომელიც ამ ზამთარში კლუბის გარეშე დარჩა. მანამდე გიორგი ჭანტურიამ „ურალი“ დატოვა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა – „კრასნოდარი“.
საქართველოს ნაკრები ევრო–2020–ის შესარჩევ ციკლში ბრძოლისთვის ემზადება. პირველ მატჩს გუნდი 23 მარტს თბილისში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.