თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით ქართველი და რუსეთის ორი მოქალაქე მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 თებერვალს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარი ე.წ. „ატმიჩკების“ საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ. სამართალდამცველებმა ერთი პირი ბინიდან გამოსვლის და მიმალვის მცდელობისას, დანარჩენი ორი კი იმავე ბინაში, ადგილზევე დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, 4 ათასი აშშ დოლარი და ე.წ. „ატმიჩკები“.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.