ჩინეთი საქართველოს საბაჟო სისტემების შესაძენად თანხას გამოუყოფს

© Ministry of Finance of Georgiaყაზბეგის საკონტროლო–გამშვები პუნქტი
ყაზბეგის საკონტროლო–გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი აღჭურვილობა საბაჟო კონტროლის გავლის ხანგრძლივობას შეამცირებს

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ჩინეთის მთავრობა საქართველოს საკონტროლო–გამშვები პუნქტებზე საინსპექციო სისტემების შესაძენად 100 მილიონ იუანს (დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარს) გამოუყოფს, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ.

„აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს საზღვარზე მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, შეამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთში ქართული ბიზნეს–სახლი გაიხსნა - Sputnik საქართველო
ჩინეთში პირველი ქართული ბიზნეს–სახლი გაიხსნა

საქართველოსა და ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობა 2005 წლიდან მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მიიღო 62 მილიონი დოლარის გრანტი და ასევე დაახლოებით 4,3 მილიონი დოლარი შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით.

საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნების ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. საქართველომ და ჩინეთმა 2017 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 2018 წელს ქვეყნებს შორის საგარეო ბრუნვამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში 1,8%–ით (198 მილიონ დოლარამდე) შემცირდა, ხოლო იმპორტი ჩინეთიდან 13,7%–ით (833,6 მლნ დოლარამდე) გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0