თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საკონსულტაციო კომპანია PMCG-მა საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლები დაითვალა და გაარკვია, რომ 2017 წლისთვის დასაქმებული ფიზიკური პირების 46%-ის შემოსავალი 400 ლარზე ნაკლები იყო.
შესაბამისი კვლევა ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულების მხოლოდ 1%-ს, ანუ 9 826 ადამიანს ჰქონდა 8 333 ლარზე მეტი შემოსავალი.
მიუხედავად საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდისა, 2017 წელს ხელფასებს შორის მკვეთრი სხვაობა ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვით დაფიქსირდა. სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი იყო:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 2008 ლარი,
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 1595 ლარი
- მშენებლობა — 1466 ლარი.
ყველაზე დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ შემდეგ სექტორებსში დასაქმებულებს: განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობები — 672 ლარი, სოფლის მეურნეობა — 643 ლარი, განათლება — 577 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 2% მუშაობდა, ხოლო ორ ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორში — 52%.