თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. არქიმანდრიტი ათანასე (კარანაძე) რამდენიმე დღეა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ფოტოს, რომელზეც მამა ათანასე Bentley-ს მარკის ავტომობილში ზის.
აღნიშნული ფოტო თბილისის ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზეა გადაღებული.
იუზერთა ერთი ნაწილი აღშფოთებულია იმით, რომ მღვდელმსახურმა თავს უფლება მისცა, შეეძინა ძვირადღირებული ავტომობილი მაშინ, როდესაც ქვეყანაში მრავლად არიან მშიერი ბავშვები, ხოლო მეორე ნაწილი ენაკვომატობს და მწარედ ხუმრობს.
„აღნიშნული მანქანა არის 2006 წლის „ბენტლი“, რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა? ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს, ესე იგი, ჩემია?“ — დაწერა არქიმანდრიტმა საკუთარ გვერდზე „ფეისბუქში“.
მღვდელმსახური ურჩევს მისი პიროვნებით დაინტერესებულ ადამიანებს, ეწვიონ და საკუთარი თალით ნახონ ის მონასტერი, რომელშიც მან არაერთი წელი გაატარა.
„ისე, ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნება, შეგიძლიათ facebook-ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება. და ეს ყველაფერი, მადლობა ღმერთს, ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია“, — ნათქვამია მამა ათანასეს პოსტში.
აღსანიშნავია, რომ მღვდელმსახურმა ზემოხსენებული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთა რუსული მუსიკალური ჯგუფი „ზვერის“ კლიპი, რომელშიც მთავარი გმირი — ავტომექანიკოსი, სწორედ „ბენტლით“ დაბრძანდება, თუმცა ავტომობილი რეალურად მისი არ არის.
როგორც ჩანს, ამ სახით არქიმანდრიტმა იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებმაც სოციალურ ქსელში სწორედ ამ კლიპიდან ამოჭრილი და გრაფიკულად დამუშავებული კადრი გამოაქვეყნეს. კადრში ავტომექანიკოსის სახე მამა ათანასეს სახითა ჩანაცვლებული.