თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის ქალი დაიღუპა, ავტომობილში მსხდომი ოთხი მგზავრი კი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა სოფელ ცხემნართან გუშინ, საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ნათესავები ისხდნენ, მდინარე აჭარისწყალში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მდინარიდან დაშავებულები მაშველებმა ამოიყვანეს.
დაშავებულებს შორის მხოლოდ ერთს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას შედარებით მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. სამ მგზავრს კი, რომლებიც შედარებით მსუბუქად იყვნენ დაშავებული, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.