თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ დააკავა 49 წლის მამაკაცი, რომელმაც 2018 წლის ივლისში გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მიკროავტობუსით 18 წლის თორნიკე მერებაშვილი გაიტანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მერებაშვილმა მას შემდეგ, რაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა, შეძლო ახლობლებთან დარეკვა და დახმარება ითხოვა. როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მივიდა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ გზაში, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მერებაშვილის ოჯახის წევრებმა გასული წლის სექტემბერში საპროტესტო აქცია მოაწყვეს საქმის გამოძიებისა და დამნაშავის დასჯის მოთხოვნით.
საქმესთან დაკავშირებით დაახლოებით 140 ადამიანი დაიკითხა, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.