ბაბლუანის ოჯახი საქართველოში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას გახსნის

© FB / Sofia Babluaniგელა ბაბლუანის ფილმი „ფული“
გელა ბაბლუანის ფილმი „ფული“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლაში ორი გადასაღები პავილიონი და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ბაბლუანების ცნობილი სარეჟისორო დინასტია – მამა-შვილი თეიმურაზ და გელა ბაბლუანები თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას გახსნიან, იუწყება ტელეარხი Imedi.

კინოსკოლაში სტუდენტები 17-მდე სპეციალობას დაეუფლებიან, მათ შორის რეჟისურას, პროდიუსინგს, საოპერატორო ხელოვნებას, მარკეტინგსა და კომუნიკაციებს. სკოლის სტუდენტებს სასწავლო წლის განმავლობაში ცნობილი კინორეჟისორები ასწავლიან.

რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
რატი წითელაძის ფილმი ტრანსგენდერის შესახებ „ოსკარის“ ნომინანტების ნუსხაშია

ინტერნაციონალური პროფესიული სასწავლებელი ყოველწლიურად 300 ქართველ და უცხოელ სტუდენტს მიიღებს. გარდა ამისა, ნიჭიერ სტუდენტებს სწავლას სკოლა დაუფინანსებს. 

იგეგმება, რომ სკოლა მულტიფუნქციური იქნება – საგანმანათლებლო ნაწილის გარდა დაწესებულებას ექნება ორი გადასაღები პავილიონი, ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო მოწვეული რეჟისორებისთვის. ოთხი ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სკოლის ტერიტორიაზე ასევე ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები აშენდება.

მამასა და ძმასთან ერთად სკოლის კონცეფციის განვითარებაზე ასევე ტელეწამყვანი ოლგა ბაბლუანი მუშაობს. მშენებლობის პროცესში ჩართულია ასევე იურისტი და კინოინვესტიციების მოზიდვების სპეციალისტი იუბერ კაიარდიც. სწორედ კაიარდთან ერთად გადაიღო გელა ბაბლუანმა „13", „მემკვიდრეობა" და „ფული".

რეჟისორმა ბაბლუანმა სტუდია „ქართულ ფილმს“ თავისი ფილმები აჩუქა >>

აღსანიშნავია, რომ ბაბლუანის მომავალ კინოსკოლასთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს მსოფლიოში უდიდესმა კინოტექნიკის გამქირავებელმა და მწარმოებელმა კომპანიებმა Panavision და Ariflix.

პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლა სტუდენტთა პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0