თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში გუშინ, დილით მოხდა. 29 წლის მამაკაცმა საკუთარ ძმისშვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯერ მამა სცემა და სახლიდან გააგდო, შემდეგ კარი ჩაკეტა და ძმისშვილი მოკლა. მომხდარის შემდეგ მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
ბრალდებულის დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. ექიმების გადაწყვეტილებით, მამაკაცი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა აქტიური ფსიქოზი არ შეინიშნებოდა.
დაკავებულის მეგობრების განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მომხდარის წინა დღეს კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს. მამაკაცი ფსიქიატრიულში ადგილების არარსებობის გამო არ მიიღეს და ნარკოლოგიურში გაგზავნეს, სადაც ოჯახმა უსახსრობის გამო ვერ მოათავსა. ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი კი, თავის მხრივ, უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3 ათასი ლარი მოსთხოვეს.
29 წლის მამაკაცს ძმისშვილის მკვლელობისთვის ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.