თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. გორში, 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, ბაღების შემოწმების მიზნით, მათ „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიმართეს.
„შემოწმების შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, მაგალითად, ბაღებში შესაცვლელია გაზის ონკანები. „სოკარმა“ მოგვცა რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთაც გავითვალისწინებთ და ეტაპობრივად გამოვასწორებთ. უკვე დავიწყეთ ბუნებრივი აირის ონკანების შეცვლა და ასევე ვგეგმავთ, რომ ღია წვის კამერები დახურულით ჩავანაცვლოთ. ზოგიერთ ბაღში შეიცვლება გაზის გამათბობლები“, - განაცხადა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერმა ლია კოვზიშვილმა.
ბუნებრივი აირის სისტემების მოწესრიგებისთანავე, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. გორში სულ 18 ბაღია, საიდანაც ხარვეზი 13-ში დაფიქსირდა.