ქართველი ჩოგბურთელი ქალები ფედერაციის თასზე კვლავ დამარცხდნენ

© photo: Mariam Bolkvadze / FBმარიამ ბოლქვაძე
მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელები მომავალ მატჩს თურქეთის გუნდთან გამართავენ.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ქალთა ნაკრები ფედერაციის თასის მეორე მატჩში ხორვატიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. შეჯიბრება ამ დღეებში ინგლისის ქალაქ ბათში მიმდინარეობს.

პირველ მატჩში მარიამ ბოლქვაძე (312-ე ადგილი WTA-ს რეიტინგში) ანა კონიუხს (547) დაუპირისპირდა და მიუხედავად WTA-ს რეიტინგში არსებითი უპირატესობისა, ორ პარტიაში დამარცხდა – 4:6, 3:6.

ანგარიშის გათანაბრება ქართული გუნდის ლიდერმა ეკატერინე გორგოძემ (151) შეძლო. დაძაბულ სამსეტიან ორთაბრძოლაში მან იანა ფეტი (262) დაამარცხა ანგარიშით 4:6, 6:3, 7:5.

მატჩის გამარჯვებული წყვილების შეხვედრას უნდა გამოევლინა. ქართველები ფავორიტებად ითვლებოდნენ, რამდენადაც ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში საუკეთესო ჩოგბურთელების ასეულში შედის. თუმცა, გორგოძის დაღლილობამ თავისი გაიტანა და საბოლოოდ კალაშნიკოვა/გორგოძის წყვილმა იურაკი/კონიუხის დუეტს ორ სეტში – 5:7, 1:6 დაუთმო.

ხორვატიასთან დამარცხება საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე მეორე წარუმატებლობაა. პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 1:2 დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელები მომავალ მატჩს თურქეთის გუნდთან გამართავენ, რომელმაც, თავის მხრივ, ორივე ჩატარებული მატჩი წააგო.

 

ყველა ახალი ამბავი
0