თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქველმოქმედო მარათონი სახელწოდებით „100 km of LOVE.Together | სიყვარულმა ასაკი არ იცის. ერთად“, რომელიც სიყვარულის დღეს ეძღვნება, თბილისში 16 თებერვალს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
მარათონის მიზანია იმ ხანდაზმული წყვილების დახმარება, რომლებიც სათნოების სახლ „კათარზისში“ ცხოვრობენ და შვილებისა და ნათესავების მზრუნველობას მოკლებულები არიან.
„სიყვარულის 100 კილომეტრი“ ნიშნავს, რომ ჩვენ დავაჯამებთ ყველა იმ მონაწილის კილომეტრს, რომელიც, ქველმოქმედების მიზნით, 10 ლარს გაიღებს
და გაირბენს კუს ტბის გარშემო იმდენ კილომეტრს, რამდენიც მისთვის კომფორტული იქნება და ფინიშზე თავის ციფრს დაასახელებს“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მარათონის ინიციატორების თქმით, კუ ტბის გარშემო ერთი წრე დაახლოებით ერთ კმ-ს უდრის. მათი სურვილია, მონაწილეთა გარბენილი მანძილის საერთო ჯამი 100 კმ-მდე აიყვანონ.
მარათონზე შეგროვილი თანხა, რომლის ყველა მონაწილე სუვენირს მიიღებს, მთლიანად გადაეცემა ფონდ „კათარზისს“ ხანდაზმული წყვილებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი ხანდაზმული წყვილების სასიყვარულო ისტორიებს პროექტის ავტორები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნებენ.
საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი „კათარზისი“ 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელია ზაურ ალადაშვილი. ორგანიზაციის ფილიალები საქართველოს ექვს რაიონში ფუნქციონირებს.