თბილისი, 8 თებერვალი - Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს, მათ შორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეს, უმასპინძლა, აღნიშნულია თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დონალდ ტრამპმა 7 თებერვალს თეთრ სახლში ხელი მოაწერა „ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის“ დაფუძნების შესახებ მემორანდუმს, რომლის პრეზიდენტი მისი ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა ტრამპია. პროექტის მიზანია, განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს შეუქმნას ეკონომიკური სტაბილურობა. ინიციატივის საწყისი ფონდი 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
Today, it was my great honor to sign a Presidential Memorandum launching the Women’s Global Development and Prosperity Initiative. #WGDP
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) February 7, 2019
Read more: https://t.co/qr3jevdayp pic.twitter.com/HyIPPm4Q7b
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპს, ასევე მის ქალიშვილსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, თუ როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება წარმატებისკენ. მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამაში მონაწილეობამ შეუწყო ხელი ბიზნესის განვითარებაში.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ შესანიშნავი ინიციატივისათვის. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ აქვთ. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ“, — განაცხადა ზამბახიძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
- „პროექტები, რომელსაც ამერიკის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მასშტაბურია. ამიტომაც, დღეს საქართველოში ქალებს აქვთ მომავალი და მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომლებსაც არ შეუძლიათ მოვიდნენ და ეს პირადად გითხრან“, — აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.
ნინო ზამბახიძე 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა. მან 2008 წელს, ბიზნესპარტნიორთან ერთად, ყველის საწარმო ააშენა, ხოლო 2009 წელს კომბინირებული საკვების საწარმო ძროხებისთვის. მისი მეურნეობა ასევე მოიცავს ხეხილის ბაღს, ხელოვნურ ტბას და თევზსარეწს, ძროხების ფერმას, ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობას. 2017 წელს ნინო ზამბახიძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დასახელდა.