თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის ჰოსპის „ბუტოვოს“ მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის ქართული კულტურის დღესასწაული მოაწყვეს. საღამოს ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „ვერა“, რომელიც ჰოსპისებს ეხმარება.
როდესაც ღმერთს უყვარხარ: თბილისში მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გადარჩა >>
ქართული დღესასწაულის იდეა დაიბადა მოულოდნელად, როდესაც ერთ-ერთმა ქართველმა პაციენტმა წარმოთქვა – „როგორ მომენატრა სამშობლო, მუსიკა, სიმღერები, ცეკვები“. ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ ჰოსპისის კოორდინატორმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომელშიც ქართულ კოლექტივებს სთხოვა, გამოხმაურებოდნენ და გაეხარებინათ ხანდაზმული პაციენტი.
„ჰოსპისი - ეს ისეთი ტერიტორიაა, სადაც მძიმე ავადმყოფები ცხოვრობენ. ჩვენმა კოორდინატორმა ნადიამ დაიწყო კოლექტივების ძებნა, რომლებსაც ჩვენი დახმარება შეეძლოთ. გამოგვეხმაურა რამდენიმე კოლექტივი, მაგრამ რადგან ჰოსპისში დრო არ ითმენს და მნიშვნელობა აქვს ყოველ დღეს, მან შეარჩია ის კოლექტივები, რომლებსაც მეორე დღესვე შეეძლოთ მოსვლა, რაც შეიძლება მალე“, – უამბო „Sputnik-საქართველოს“ ჰოსპისის ვოლონტიორმა დინა კოსტევამ.
ერთ-ერთი ქართული რესტორნის წარმომადგენლებმა ჰოსპისში მიიტანეს ქართული სამზარეულოს კერძები – საცივი, ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო, ხაჭაპური.
„საკმაოდ ბევრი საჭმელი იყო, ნადვილი ქართული პურმარილი იყო. ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ისინი ძალიან ხელგაშლილები არიან, უყვართ მეგობრები, სტუმრები. ყველა პაციენტს გავუმასპინძლდით, იმათაც, ვისაც პალატიდან გამოსვლა არ შეეძლოთ“, – გვიამბო კოსტევამ.
განსაკუთრებული სიხარული ჰოსპისის პაციენტებს მიანიჭა ცეკვის ანსამბლმა „არგომ“, რომელმაც ქართული ხალხური ცეკვები შეასრულა.
პაციენტები ტაშს უკრავდნენ, მოცეკვავეებმა ისინი ხასიათზე მოიყვანეს და ავადმყოფობა ცოტა ხნით მაინც დაავიწყეს.
„ქართული ენერგეტიკა – შეუდარებელი სიამოვნებაა. მან გაავსო ჩვენი ჰოლი. გამოვიყვანეთ ჩვენი პაციენტები, ზოგი ეტლით, ზოგი საწოლით. ჩვენი ქართველი პაციენტიც საწოლით გამოიყვანეს. კონცერტის ბოლოს სახეც ვარდისფერი გაუხდა, თვალები უბრწყინავდა. რა თქმა უნდა, ის ძალიან გახარებული იყო, გული აუჩუყდა“, – აღნიშნა კოსტევამ.
ცეკვების შემდეგ ჰოლში ისმოდა ბუბა კიკაბიძის, თამრიკო გვერდწითელის, ნანი ბრეგვაძის სიმღერები. დღესასწაული ძალიან მოუხდა პაციენტებს, რადგან როდესაც ადამიანი იღებს ასეთ სასიამოვნო, თბილ და ძლიერ ემოციებს, ეს მოქმედებს პაციენტების მდგომარეობაზე, აღნიშნა კოსტევამ.
ჰოსპისების დახმარების ფონდი „ვერა“ ფუნქციონირებს 2006 წლიდან იმისთვის, რათა რუსეთში ნებისმიერ ადამიანისთვის, მიუხედავად მისი ასაკის, საცხოვრებელი ადგილისა და შემოსავლის, ცხოვრების ბოლოს იყოს ხელმისაწვდომი პროფესიონალური და გულისხმიერი დახმარება. ფონდი უწევს მხარდაჭერას ჰოსპისებს მთელი ქვეყნის მასშტაბით; უკურნებელ ავადმყოფებს მისამართების მიხედვით ეხმარება; ჰოსპისების პერსონალს ასწავლის; გამოსცემს ლიტერატურას მედიკოსებისთვის, პაციენტებისთვის და ნათესავებისთვის; ხელს უწყობს პალიატიური დახმარების განვითარებას; საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰოსპისი არის სახლი, სადაც სიცოცხლეს უფრთხილდებიან. ფონდი კომპანიებისა და კერძო პირების საქველმოქმედო შემოწირულობებით არსებობს.