თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა 27 წლის მამაკაცი რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 65 წლის მოქალაქეს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. დანაშაული ისჯება 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.