თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. SOCAR Georgia Gas საქართველოს რეგიონებში არსებული კომერციული ობიექტებისთვის, გარდა პურის საცხობებისა, 1 მარტიდან ბუნებრივი აირის ტარიფს 0,09 ლარით ზრდის, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 1 კუბურ მეტრზე 0,95 ლარს დღგ-ს ჩათვლით შეადგენს.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტარიფის ცვლილება მოსახლეობაზე არ აისახება და ის მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ მომხმარებლებზე გავრცელდება! ასევე, ტარიფი არ შეეცვლებათ პურის საცხობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტარიფის გაზრდის მიზეზად SOCAR Georgia Gas-მა ბუნებრივი აირის განაწილებაზე ტარიფის ცვლილება და დოლარის მიმართ ლარის კურსი დაასახელა.
SOCAR Georgia Gas ბუნებრივი აირით საქართველოს დიდ ნაწილს ამარაგებს.
კომერციული ობიექტებისთვის ბუნებრივი აირი პირველად არ ძვირდება. აგვისტოში გაიზარდა მისი საფასური თბილისში - 0.75 ლარიდან 0,805 ლარამდე (დღგ-ს ჩათვლით).