თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. მსოფლიოში ცნობილი მსახიობი დოლფი ლუნდგრენი, რომელმაც სახელი 1980-1990 წლების ბოევიკების წყალობით გაითქვა, თბილისში სტუმრობს, იუწყება ქართული მედია.
ფოტო, რომელზეც მსახიობი თბილისის პეიზაჟის და მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე წარწერა „თბილისის“ ფონზეა გადაღებული, პორტალმა Marketer.ge გამოაქვეყნა.
„ივან დრაგო თბილისშია“, - წერს გამოცემა დოლფ ლუნდგრენის შესახებ. სწორედ ასე ჰქვია მის გმირს ლეგენდარულ ბოევიკში „როკი“.
საქართველოში მსახიობის ვიზიტის დეტალების შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, ლუნდგრენი თბილისში სარეკლამო რგოლის გადასაღებად ჩამოვიდა.
დოლფ ლუნდგრენი — ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატია. მაყურებელი მას იცნობს როლებით ბოევიკებიდან „როკი“, „საქმის გარჩევა პატარა ტოკიოში“, „უნივერსალური ჯარისკაცი“, „შეუჩერებელნი“ და სხვა.
ცნობილია, რომ ამჟამად დოლფ ლუნდგრენი სხვადასხვა ქვეყნებში წარმოადგენს ფილმს „კრიდ 2“, რომელშიც ის თავისი ცნობილი პერსონაჟის, ივან დრაგოს როლშია გადაღებული. ბოლოჯერ ამ მისიით ის ესპანეთის ქალაქ მარბელიეში შეამჩნიეს.