თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. 2019 წელს საქართველოს მთავრობა გეგმავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს თურქეთთან, ისრაელთან, დიდ ბრიტანეთთან, იაპონიასთან, ინდოეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019".
საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ>>>
საქართველო თურქეთთან 2007 წლიდან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეცვლას გეგმავს ტარიფების ლიბერალიზაციის მიმართულებით. ქვეყანა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გეგმავს, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას კი 2019 წლის პირველ კვარტალში აპირებს.
საქართველო დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ გეგმავს. გარდა ამისა, 2019 წელს თბილისი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და იაპონიასთან დაიწყებს მუშაობას შეთანხმების გასაფორმებლად.
„2019 წელს ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ მრავალრიცხოვან ინიციატივებს, რომლებიც რიგ ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმის განვითარებასთან არის დაკავშირებული. აქ საუბარი მიდის თურქეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ისრაელზე, ინდოეთზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იაპონიაზე", - განაცხადა ქობულიამ.
მისი სიტყვებით, 2019 წელს საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას გეგმავს.
საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია EFTA-სთან (ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი), თურქეთთან, ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან.