თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში განწყობების მორიგი კვლევა ჩაატარა და გამოარკვია, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 205 მოქალაქე გამოიკითხა, კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/– 2.1%.
NDI — ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ აზრს 2010 წლიდან სწავლობს. გამოკითხვა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა ქართულმა არასაამთავრობო ორგანიზაციამ "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (СRRС), ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამა UK Aid Direct-ის ფაგრლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობა უწევდა.
NDI-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ პირველი ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, 2009 წლიდან არ შეცვლილა.
გამოკითხულთა აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს წარმოადგენს სამუშაო ადგილები (51%), სიღარიბე (38%), ფასების ზრდა/ინფლაცია (37%), ტერიტორიული მთლიანობა (27%), პენსიები (25%) და ხელფასები (18%).
ყველაზე ნაკლებად კი მოსახლეობას მასმედიის დამოუკიდებლობა (1%), უმცირესობების პრობლემები (0%) და ციხეები/პატიმრები (0%) აწუხებს.
ამას გარდა NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.
კერძოდ, გამოკითხულთა 53% აღნიშნავს, რომ ქვეყანა კრიმინალის მიმართულებით არასწორად ვითარდება, 29% მიიჩნევს, რომ საერთოდ არ იცვლება, 13%-ის მოსაზრებით კი სწორი მიმართულებით ვითარდება.
ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ საინფორმაციო საშუალებებს დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. კვლევის პოლიტიკური ნაწილი კი 30 იანვარს გამოქვეყნდება.