საქართველოში წითელას 716 შემთხვევა დაფიქსირდა: ამირან გამყრელიძე ორსულებს აფრთხილებს

გამოწერა
ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა, თუმცა ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოში ამ დროისთვის წითელას 716 შემთხვევაა რეგისტრირებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სტატისტიკა მზარდია. მან ორსულების გარდა ყველას მოუწოდა, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ.

„ძალიან კარგია, რომ ერთი კვირის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი აიცრა დამატებით. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ ვაქცინაციას, მალე შევაკავებთ წითელას ეპიდაფეთქებას ქვეყანაში... იმის გამო, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს და ყველაზე მაღალი რისკჯგუფია ორსულები, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები აიცრან და გუშინდელი მონაცემებით უკვე 100-მა ორსულმა მიმართა გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებს“, - ამბობს გამყრელიძე.

გრიპის მკურნალობა ბავშვებში - Sputnik საქართველო
წითელა საქართველოში: რა ელოდება აუცრელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს

მისი განცხადებით, კატეგორიულად არ შეიძლება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულების აცრა.

„ქალბატონები, ვინც აპირებენ დაფეხმძიმებას, სასურველია, თუ არ არიან აცრილი, გაიკეთონ წითელას საწინააღმდეგო აცრა ორსულობის დადგომამდე სამი თვით ადრე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა.

წითელას მასიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავრობამ 18 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის სხვადსხვა უწყებებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებში ორი თვის ვადაში აცრის დამადასტურებელ ცნობას არ წარადგენენ, შესაძლოა, მათ სტატუსი შეუჩერდეთ.

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში სავარაუდოდ გრიპის ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0