სასტუმრო არ იქნება! თბილისის მერიამ თავისას მიაღწია

© photo: Sputnik / Stringerვაკიის პარკი
ვაკიის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინვესტორმა ზაქაიძემ ვაკის პარკში მშენებლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შესაბამისი შეთანხმება ინვესტორსა და მერიას შორის პარასკევს გამართულ მორიგ შეხვედრაზე შედგა. კალაძის სიტყვებით, ინვესტორს ორი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზეს – სასტუმროს სხვა ტერიტორიაზე აშენება ან ობიექტის მერიისთვის მიყიდვა.

მაია ბითაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ>>>

ადრე ზაქაიძე აცხადებდა, რომ არ დათანხმდებოდა არანაირ პირობებს და მერიისგან მშენებლობის ნებართვის განახლებას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ზაქაიძე სასამართლოთი იმუქრებოდა. მან განაცხადა, რომ სასამართლოს გზით მიაღწევს არა მარტო მშენებლობის ნებართვას, არამედ ზარალის ანაზღაურებასაც.

„ვიტყვი მოკლედ და კონკრეტულად: ვაკის პარკმა გაიმარჯვა! მინდა მივულოცო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ შევძელით ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა, ვაკის პარკის ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი არ აშენდება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველივე დღიდან აქტიურად იყო პროცესებში ჩართული და იცავდა ამ მწვანე სივრცეს ჩვენი ქალაქისა და თბილისელებისთვის", – განაცხადა კალაძემ შეხვედრის შემდეგ.

დავოსი - Sputnik საქართველო
რას მიაღწია პრემიერმა დავოსში: საქართველოში ინვესტირების პერსპექტივები

„მწვანე" აქტივისტები არაერთი წელია იცავდნენ ვაკის პარკს. გარემოსდამცველებმა სასამართლოს მიმართეს მას შემდეგ, რაც 2013 წელს მერიამ 8-9 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე უვადო ნებართვა გასცა. იმ დროს მერიას მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება სასამართლოს, სამივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ მერია კანონის დაცვით მოქმედებდა და ამიტომაც მხარი ინვესტორს დაუჭირეს.

ვიდრე საქმე სასამართლოებში იხილებოდა, მშენებლობა შეჩერებული იყო, მაგრამ როგორც კი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და თბილისის მერიამ სწრაფად მოქმედება დაიწყო. თბილისის ახალმა მერმა პირობა დადო, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებდა.

მიღწეული შეთანხმების შემდეგ კალაძემ ინვესტორ ზაქაიძეს მადლობა გადაუხადა.

„კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა", – აღნიშნა კალაძემ.

ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა. 2017 წელს ვაკის პარკის ტერიტორია გაფართოვდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ვაკის პარკს კუს ტბის ტერიტორია შემოუერთდა და მისი საზღვრები 18-დან 34 ჰექტრამდე გაიზარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0