თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ ტურნირების სია, რომელთა შედეგების მიხედვითაც დაკომპლექტდება მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა ნაკრები.
პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ქართველი ძიუდოისტები მიიღებენ მონაწილეობას, თებერვლის დასაწყისში დაგეგმილი პარიზის დიდი სლემი იქნება. შეჯიბრებების სრული სია ასე გამოიყურება:
9-10 თებერვალი დიდი სლემი (პარიზი)
16-17 თბერვალი - European Judo Open (რომი)
22-24 თებერვალი - დიდი სლემი (დიუსელდორფი)
2-3 მარტი - European Judo Open (ვარშავა)
8-10 მარტი - გრან-პრი (მარაკეში)
9-10 მარტი - European Judo Open (შვეიცარია)
15-17 მარტი - დიდი სლემი (ეკატერინბურგი)
29-31 მარტი - გრან-პრი (თბილისი)
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ეროვნული გუნდის მწვრთნელთა შტაბს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ძიუდოისტების დამატებით ანტალიის გრან-პრიზე (5-7 აპრილი) და ბაქოს დიდი სლემის (10-12 მაისი) ტურნირებში მონაწილეობის შესახებ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე წონით კატეგორიაში სპორტსმენებს დაახლოებით თანაბარი შედეგები ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ევროპის ჩემპიონატზე თელ-ავივში ქართველმა ძიუდოისტებმა 1992 წლიდან პირველად ვერ შეძლეს ვერც ერთი მედლის მოპოვება.
მიმდინარე წლის პირველ გრან-პრიზე ისრაელში მამაკაცთა ნაკრები არ იასპარეზებს. ისრაელში ტურნირზე საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქალი–ძიუდოისტებით იქნება წარმოდგენილი: მარიამ ჯანაშვილი (-52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ) და სოფო სომხიშვილი (+78 კგ).
წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში მინსკში 22-25 ივნისის პერიოდში გაიმართება მეორე ევროპული თამაშების ფარგლებში.