თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. გორელმა ბავშვმა თავისი გატაცების ამბავი მოიგონა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მოსწავლემ სკოლიდან შინ მისვლა დააგვიანა. დაგვიანების მიზეზად დედასთან აღნიშნა, რომ იგი უცნობმა პირმა გაიტაცა.
ბავშვის მონათხრობით, სკოლიდან გასვლისას შავ მანქანაში სათვალიანმა პირმა ძალით ჩასვა. შემდეგ „გამტაცებელმა" მანქანა იგოეთთან გააჩერა და ტელეფონით საუბარი დაიწყო.
„დრო ვიხელთე, მანქანიდან გადავხტი და ლეხურას პირზე დავეშვი“, - უამბო ბავშვმა მშობელს.
შეტყობინება ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს.
მოზარდი მშობელთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა.
პოლიციამ სკოლიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღო.
მას შემდეგ, რაც დედა ცუდად გახდა, შვილმა გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა - რომ ამბავი მოიგონა. და პოლიციამაც მოკვლევა შეწყვიტა.
შემთხვევა გორში დღეს მოხდა.