"ბილაინი": კომპანიის გაყიდვის შესახებ წინადადება არ არსებობს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკში"ბილაინი"
ბილაინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასევე, ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, "ბილაინი" ამ ეტაპზე ტარიფების გადახედვას არ გეგმავს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინის" გაყიდვის შესახებ წინადადება ამ ეტაპზე არ არსებობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის სოფო ბალავაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

რუსული ოპერატორი „ბილაინი" ქართულ ბაზარს ტოვებს>>>

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა გუშინ განაცხადა, რომ რუსულმა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა „ბილაინმა" ქართული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რამდენადაც „ბილაინი" ბიზნესს ჰყიდის, შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში მისი მხრიდან არ ხდებოდა კომპანიის განვითარება.

IT-პარკის მონაცემთა ბაზის ცენტრი - Sputnik საქართველო
კომუნიკაციების კომისია: აბონენტებისთვის ტარიფის ზრდის საფუძველი არ არსებობს

„ბილაინი" ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და 1.3 მილიონი მომხმარებლის მომსახურებას 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. 2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს", – აღნიშნა სოფო ბალავაძემ.

მისი თქმით, „ბილაინი" დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი სხვა ჯგუფის შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა. თუმცა, ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს.

„კომპანია განაგრძობს განვითარებას, რათა შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის", – განაცხადა ბალავაძემ.

ასევე, მისი თქმით, ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ბილაინი" ამ ეტაპზე ტარიფების გადახედვას არ გეგმავს.

„ბილაინი" ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, საქართველოში „ბილაინი" კომპანია „ვიონ საქართველოს" წარმოადგენდა. „ბილაინი" საქართველოში მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს შორის მესამე ადგილს იკავებს. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა 5,3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0